საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ვარშავაში დღეს დაწყებული ევროპის ჩემპიონატის სტარტი წარუმატებელი გამოდგა. ოთხდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს, მამაკაცთა შორის 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა მედლები. ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილი გუნდიდან კი ტატამზე სამი ძიუდოისტი გავიდა და პოდიუმზე ასვლა ერთმაც ვერ შეძლო.
უმსუბუქეს წონაში, დილის პროგრამის შემდეგ გაჩნდა რეალური შანსი, რომ ვარშავაში თბილისის ახლახან ჩატარებული გრან პრის ფინალური წყვილი შედგებოდა. ლუხუმ ჩხვიმიანს და ამირან პაპინაშვილს მიზნამდე თითო ნაბიჯიღა აკლდათ – ორივე ნახევარფინალში იყო, მაგრამ არათუ, გარანტირებული ოქრო-ვერცხლი, საბოლოოდ ერთი ბრინჯაოც სანატრელი გაგვიხდა.
ევროპის 2013 წლის ჩემპიონი, 28 წლის ამირან პაპინაშვილი ევროპირველობაზე მეორე ნომრად იყო განთესილი და საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო, ფრანგ სედრიკ რევოლთან დაჭიდებით. იქამდე რევოლმა ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, სომეხი ჰოვანეს დავთიანი გამოთიშა შეჯიბრებას.
პაპინაშვილი რევოლს მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ დაუპირისპირდა. პირველად დიუსელდორფის გრან პრის მერვედფინალში შეხვდა და უილეთო ბრძოლაში, ოქროს დროში, გაფრთხილებით აჯობა. ამჯერად კი ვაზარით გაუსწორდა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ევროპის ბრინჯაოს პრიზიორს (2013) – ბრიტანელ ეშლი მაკკენზის დაეჭიდა და უილეთოდ, მე-5 წუთზე მოპოვებული შიდოს უპირატესობით გასცდა.
ნახევარფინალში ამირანი, ბულგარელ იანისლავ გერჩევთან ბრძოლაში, ოქროს დროში შიდოს უპირატესობით (1-2) შევიდა, მაგრამ დამატებულ წუთებზე ორი გაფრთხილება მიიღო და შიდოების ლიმიტის ამოწურვის გამო რეპეშაჟის ფინალში გადაერთო.
იქ კი პაპინაშვილი აზერბაიჯანელ ევროპის და მსოფლიოს პრიზიორ ორხან საფაროვს დაუპირისპირდა და 37 წამში დაეცა იპონზე.
ლუხუმ ჩხვიმიანმაც, თანაგუნდელის მსგავსად, მერვედფინალით დაიწყო. ებრაელ დანიელ ბენ დავიდს დაეჭიდა და სამწუთნახევარში, ხელის მტკივნეულით დაამარცხა. იქამდე ერთხელ, ვაზარით შეფასებული გდება შეუსრულა.
მეოთხედფინალში ჩხვიმიანი საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრ ბეთქილ შუკვანს დაუპირისპირდა, რომელიც ბოლო წლებში, ბექირ ოზლუს სახელით, თურქეთის ნაკრების რიგებში გამოდის. საქართველოსა და თბილისის გრან პრის მოქმედმა ჩემპიონმა ნაცნობ მეტოქეს ორი ვაზარით აჯობა და ნახევარფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა, სადაც რუსეთის ნაკრების წევრ რობერტ მშვიდობაძეს დაუპირისპირდა და უილეთო ძირითადი დროის შემდეგ, მე-7 წუთზე მიღებული გაფრთხილებით დამარცხდა.
"ბრინჯაოს ფინალში” ჩხვიმიანი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონს - ესპანელ ფრანცისკო გარიგოსს დაუპირისპირდა. მას აქამდე ორჯერ შეხვედროდა და ორჯერვე წაეგო. რევანში ვერც მესამე ცდაზე შედგა. გარიგოსმა მედალი პირველ წუთზე შესრულებული ვაზარით გაინაღდა.
ძიუდოს ქართველმა გულშემატკივრებმა დღეს, ერთი დიდი იმედგაცრუება დილის პროგრამაშიც ვიწვნიეთ. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა ვაჟა მარგველაშვილმა არათუ ტიტულის ზედიზედ მეორედ მოგება, ფინალურ ბლოკში მოხვედრაც ვერ შეძლო.
პოლონურ ტატამზე მარგველაშვილი მხოლოდ ორჯერ გავიდა. პირველ წრეში ესპანეთის ნაკრების წევრ გარ ურიარტესთან, ბრუნის მესამე მცდელობა ვაზარით დაასრულა. ცოტა ხანში მეორე ვაზარიც მოიპოვა. მეოთხე წუთის დასაწყისში კი მეტოქეს სუფთა გდებაც შეუსრულა.
მერვედფინალში მსოფლიოს რეიტინგში მე-10 ადგილზე მყოფი ქართველი ძიუდოისტი თავისზე 53 საფეხურით დაბლა მდგომ სლოვაკ მატეჟ პოლიაკს დაეჭიდა და... ჩემპიონატს გამოეთიშა - მეორე წუთზე, მარგველაშვილი შეტევისას მეტოქეს შეეკრა და ბეჭებზე დავარდა.
მამაკაცებს შორის, ორივე წონაში, ევროპის ჩემპიონები ქართველი ძიუდოისტები გახდნენ, მაგრამ ამით საქართველოს ნაკრებს და ქართულ ძიუდოს არაფერი შემატებია. რობერტ მშვიდობაძის ოქრო რუსეთის ანგარიშზე ჩაიწერა. გიორგი ზანთარაიას (66 კგ) ტრიუმფით კი უკრაინელმა ქომაგებმა გაიხარეს.
დღესვე, ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები ქალთა პირველ სამ წონით კატეგორიაშიც (48, 52 და 57 კგ) გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით კონკურენციაში ოლღა ალადოშვილი (48 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ჩაებნენ, მაგრამ ორივე მერვედფინალში დამარცხდა.
ლიპარტელიანმა იქამდე ერთი შეხვედრის მოგება მოასწრო – უნგრელ იბოლია შიროკის სამწუთნახევარში სამი შიდო მიაღებინა. 23-წლამდელთა შორის ევროპის მოქმედ ჩემპიონთან - გერმანელ ტერეზა შტოლთან კი ვეღარას გახდა.
ოლღა ალადოშვილი წილისყრამ პირდაპირ მერვედფინალში განთესა. პირველ მეტოქედ კი ებრაელი ნოა მინსკერი არგუნა. მეოთხედფინალის საგზური მინსკერმა მოიპოვა, ვაზარით.
ხვალ, მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდება. მამაკაცებში 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ხოლო ქალებში – 63 და 70 კილოგრამებში. საქართველოს სახელით ტატამზე შარშანდელი ევროპირველობის ფინალისტი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ) გავლენ.
ძიუდო
ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი
ვარშავა
20 აპრილი
მამაკაცები
60 კგ
1 რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი)
2 იანისლავ გერჩევი (ბულგარეთი)
3 ფრანცისკო გარიგოსი (ესპანეთი)
3 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)
5 ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)
5 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
66 კგ
1 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)
2 ადრიან გომბოცი (სლოვენია)
3 მატეჟ პოლიაკი (სლოვაკეთი)
3 ნიჯათ შიხალიზადა (აზერბაიჯანი)
ქალები
48 კგ
1 დარია ბილოდიდი (უკრაინა)
2 ირინა დოლგოვა (რუსეთი)
3 ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი)
3 მონიკა უნგურეანუ (რუმინეთი)
52 კგ
1 მაილინდა კელმენდი (კოსოვო)
2 ალესია კუზნეცოვა (რუსეთი)
3 ჯოანა რამოსი (პორტუგალია)
3 ეველინ ჩოპი (შვეიცარია)
57 კგ
1 პრისცილა ნეტო (საფრანგეთი)
2 ტერეზა შტოლი (გერმანია)
3 ელენ რესევო (საფრანგეთი)
3 ნორა გიაკოვა (კოსოვო)