სხვა

21:43 | 19.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართული სპორტის დიდი სახელები: ფოტოკრებულის პრეზენტაცია სპორტის მუზეუმში

დღეს ქართული სპორტის მუზეუმში სახელოვანი სპორტსმენების და გუნდებისადმი მიძღვნილი პირველი ფოტოკრებულის „ქართული სპორტის დიდი სახელები" პრეზენტაცია გაიმართა.

2017 წელი არაერთი მნიშვნელოვანი თარიღითაა გამორჩეული, ბევრი სპორტსმენის და რამდენიმე დიდი გამარჯვების იუბილე აღინიშნება. 55 წელი გავიდა საკალათბურთო თბილისის დინამოს მიერ ევროპის ჩემპიონთა თასის მოგებიდან; ასევე 55 წლის წინ მოიგეს თბილისის ბურევესნიკის ხელბურთელებმა საკავშირო ჩემპიონატი პირველად; 50 წელი გავიდა ავტორბოლაში თბილისის გრან პრის გათამაშებიდან; 80 წელი შეუსრულდებოდათ ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელებს მიხეილ მესხს, შოთა იამანიძეს და გივი ჩოხელს; ასევე 80 წლის გახდებოდა ფარიკაობაში ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი ნუგზარ ასათიანი; 60 წლის იუბილეს იზეიმებდნენ თასების მფლობელთა თასის 1980-1981 წლების გათამაშებაში გამარჯვებული თბილისის დინამოს ლიდერები რამაზ შენგელია და ვიტალი დარასელია; 50 წელი შეუსრულდებოდა 1983 წელს კანადის ქალაქ ედმონტონში, მსოფლიო უნივერსიადაზე დაღუპულ წყალში მხტომელს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონსა და თასის მფლობელს სერგო შალიბაშვილს... ამ თარიღებს ქართული სპორტის მუზეუმმა 16 ბარათისგან შემდგარი ფოტოკრებული მიუძღვნა. ფოტოები, რომელთა ავტორები სახელოვანი ფოტოგრაფები მიხეილ ზარგარიანი, ალექსანდრე კოტორაშვილი და სხვები არიან, სპორტის მუზეუმის ფონდებშია დაცული.

„მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენი სახელოვანი სპორტსმენების ოჯახის წევრებო, ძვირფასო სტუმრებო. დღეს ქართული სპორტის მუზეუმის პირველი ფოტოკრებულის - „ქართული სპორტის დიდი სახელები" - პრეზენტაციაა. 2017 წელს არაერთი სახელოვანი ათლეტის იუბილეა და რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვების მრგვალი თარიღი აღინიშნება. ამ ალბომში, რომელიც თქვენ საჩუქრად გადმოგეცათ, სწორედ იუბილარი სპორტსმენების თუ გუნდების ფოტოებია თავმოყრილი. რომელი ერთი გავიხსენო? მიხეილ მესხი, ოთარ ქორქია, შოთა იამანიძე, გურამ მინაშვილი, კახი ასათიანი, ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია, არსენ მეკოკიშვილი, ავთანდილ ღოღობერიძე, მირიან ცალქალამანიძე, გივი ჩოხელი, საკალათბურთო თბილისის დინამო, ხელბურთის კლუბი ბურევესნიკი - ყველა მათგანი ჩვენი სპორტის ისტორიის განუყოფელი ნაწილია და უკლებლივ ყველას გამორჩეული ადგილი უჭირავს ქართული სპორტის ისტორიაში. ვიცი, რომ ამ ფოტოკრებულში მოხვედრას კიდევ არაერთი დიდებული სპორტსმენი იმსახურებდა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ქართული სპორტის მუზეუმის მესვეურები მომავალში მეორე, მესამე და მომდევნო ალბომების გამოცემასაც აპირებენ, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, დროდადრო ეს სერია სპორტის ყველა სახეობას და ყველა წარმატებულ ათლეტს მოიცავს. მსურს მადლობა გადავუხადო ქართული სპორტის მუზეუმს და ამ პროექტის ავტორებს ჩვენი სახელოვანი სპორტსმენების დაფასებისთვის, ამ ფოტოკრებულისთვის, ჩვენს თანამედროვე სპორტსმენებს კი წარმატებას და დიდ გამარჯვებებს ვუსურვებ"! - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„ქართული სპორტის მუზეუმში ერთი ლამაზი ტრადიცია გვაქვს: ყოვეწლიურად მივაგებთ პატივს გამოჩენილ სპორტსმენებს, მწვრთნელებს და სპორტის მოღვაწეებს. წლეულს ამ დღის აღნიშვნა საფოსტო ბარათების გამოცემით გადავწყვიტეთ. მუზეუმის ფონდებში დაცული უამრავი საინტერესო და მნიშვნელოვანი ფოტოდან 19 გამოვარჩიეთ, თითოეულს კონკრეტული ამბავი და მონაცემი დავურთეთ და აი, ქართული სპორტის მუზეუმის პირველი, 16-ბარათიანი ფოტოკრებული თქვენს წინაშეა. ვიმედოვნებთ, რომ მოგეწონებათ", - განაცხადა ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორმა ნანა მიქაძემ.

„გულშემატკივარს ბევრი დიდებული სპორტსმენი ახსოვს. რთული იყო ამ ბარათებში ყველას ჩატევა, ამიტომ, ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ: პირველ კრებულში იმ სპორტსმენთა ფოტოები შევიტანეთ, რომელთა იუბილე წლეულს აღინიშნა ან აღინიშნება. მაგალითად, ლეგენდარული მოჭიდავეები, ოლიმპიური ჩემპიონები არსენ მეკოკიშვილი და მირიან ცალქალამანიძე, ასევე ოლიმპიური ჩემპიონი, მოფარიკავე ნუგზარ ასათიანი, ფეხბურთელები: ავთანდილ ღოღობერიძე, გივი ჩოხელი, მიხეილ მესხი, შოთა იამანიძე, კახი ასათიანი, რამაზ შენგელია, ვიტალი დარასელია... ვიმედოვნებთ, გულშემატკივარი ქართული სპორტის მუზეუმის წამოწყებას დიდი ინტერესით და სიხარულით შეხვდება, ეს ფოტოკრებულები კი ტრადიციული გახდება", - ქართული სპორტის მუზეუმის მთავარმა მცველმა ქალბატონმა ლილი ლომსაძემ არაერთი საინტერესო ისტორია შეახსენა სტუმრებს.

ღონისძიებას ოთარ ქორქიას, გურამ მინაშვილის, მიხეილ მესხის, რამაზ შენგელიას, ვიტალი დარასელიას და სხვა სახელოვანი სპორტსმენების ოჯახის წევრები, ოლიმპიური ჩემპიონები ნინო სალუქვაძე, გიორგი ასანიძე და კახი კახიაშვილი, ლეგენდარული მოჭადრაკე, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარებული ნონა გაფრინდაშვილი, თბილისის დინამოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე, სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

ქართული სპორტის მუზეუმის მესვეურთა გადაწყვეტილებით, ფოტოკრებულის გამოცემა ტრადიციული გახდება, ხოლო ყოველ წელს, ბრწყინვალე შვიდეულში, მუზეუმი მსგავსი ღონისძიებით პატივს მიაგებს იმ სპორტსმენთა ხსოვნას, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ქართული სპორტის ისტორიაში.



სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.122112