გასულ კვირაში თბილისმა კრივში დავით კვაჭაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც 7 ქვეყნის 60-მდე მოკრივემ მიიღო მონაწილეობა. ქართველ სპორტსმენებს ოქროს მედლის მოპოვების შანსი ათივე წონით კატეგორიაში ჰქონდათ, საბოლოოდ, ტურნირის გამარჯვებული ხუთი მათგანი გახდა.
49 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნოდარ დარბაიძემ სომხეთის წარმომადგენელ გასპარ ბაბახანიანს იოლად სძლია. 52-ში სომეხმა ვაჩე ბადალიანმა მისი თანამემამულის წაგებისთვის რევანში აიღო და ბაჩო ჯინჭარაძე დაამარცხა. 56 კილოგრამში სევერიან ჭილაძის მეტოქე აზერბაიჯანელი უმუდ რუსტამოვი იყო, თუმცა მოწინააღმდეგის ტრავმის გამო, ქართველმა ტურნირის ჩემპიონის ტიტული ისე ჩაიბარა, ფინალური ჩხუბი არ მოუწია. 60 კილოში უძლიერესი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ოთარ ერანოსიანი გახდა, რომელმაც ფინალში რუს გაბილ მამედოვს აჯობა. 64-კილოში სომხეთის გუნდის წევრმა ოგანეს ბაჩკოვმა გიორგი დოლიაშვილს მოუგო. რუსმა სერგეი მარგარიანმა კი 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში, პირველობისთვის გადამწყვეტში ბრძოლაში გიორგი ხარაბაძეს სძლია. ქართველი მოკრივის გიორგი გიორგაძის მარცხით დასრულდა ფინალი 75 კილოგრამში. ამ წონაში ჩემპიონობა სომეხმა არმენ დარჩინიანმა იზეიმა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეუდარებელი იყო იაგო კიზირია, რომელმაც ტურნირის ყველა ბრძოლა ერთ დონეზე საუკეთესოდ ჩაატარა და ფინალშიც რთულ მოწინააღმდეგეს, რუს რაჯაბ რაჯაბოვს მოუგო. იაგო კიზირია ტურნირის საუკეთესო მოკრივედ დასახელდა. 91 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი ალექსანდრე დოკვაძეს ხვდა წილად, რომელმაც ტიტულისთვის სომეხ ჰენრიკ სარქისიანს მოუგო. მძიმე წონაში ჩემპიონი რუსი ივან ვერსალოვი გახდა. ვერსალოვმა ფინალში ქართველი მიხეილ ბახტიძე დაამარხა.
დავით კვაჭააძის სახელობის პირველი საერთაშორისო ტურნირი, როგორც ქართველი ასევე უცხოელი სპეციალისტების მიერ წარმატებულად შეფასდა. ორგანიზატორთა სურვილია, შეჯიბრება ტრადიციული გახდეს, კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი მიეცეს და ბ-კატეგორიიდან უმაღლეს ა-კატეგორიის დონეს მიაღწიოს.
საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური