სხვა

14:40 | 17.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფინალური ოთხეული უცვლელია (+VIDEO)

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ქალთა ტურნირზე გაირკვა ფინალური ოთხეული: უნგრეთის დიორი, მაკედონიის ვარდარი, რუმინეთის CSM ბუკურეშტი და მონტენეგროს ბუდუჩნოსტი - ის ოთხი გუნდი, რომელმაც შარშანაც მიაღწია ანალოგიურ შედეგს. ნახევარფინალები და ფინალი 6-7 მაისს გაიმართება ტრადიციულ ადგილზე - ბუდაპეშტის ლასლო პაპის არენაზე.

მიმოხილვა. http://www.ehftv.com/int/video/2017-04-16-rewind-women-episode-14

შარშანდელმა ჩემპიონმა CSM ბუკურეშტმა სეზონის განმავლობაში სამი მწვრთნელი გამოიცვალა და ბოლოსკენ შევიდა ფორმაში - გუნდმა სტუმრადაც დაამარცხა უნგრეთის ფერენცვაროში (27-26) და ჯამში 57-51 მოიგო. მიუხედავად ამისა, სეზონის ბოლოს პერ იოჰანსონს ჰელე ტომსსენი შეცვლის და შემადგენლობაც მნიშვნელოვნად გაძლიერდება - სამშობლოში ბრუნდება ქალთა ხელბურთის პირველი ვარსკვლავი ქრისტინა ნიაგუ.

მიუხედავად იმისა, რომ სკოპიეს ვარდარი 2016-17 სეზონის აშკარა ლიდერი იყო დიორთან ერთად, ამ გუნდსაც სამი სხვადასხვა მწვრთნელი ჰყავდა. მარტიდან ვარდარს ირინა დიბიროვა წვრთნის, მეოთხედფინალში კი გუნდმა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა დანიის მიდტიულანდი - 28-26 და 26-24. დარჩენილი ოთხიდან ვარდარი ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ჯერ არ მოუგია, მიხედავად იმისა, რომ ფინალურ ოთხეულში ზედიზედ მეოთხედ გავიდა.

ეს ფორმატი ქალთა ლიგაში 2013-14 სეზონიდან შემოვიდა და მონტენეგროს ბუდუჩნოსტიც უცვლელი წევრია ფინალური ოთხეულისა. ლიგის 2012 და 2015 წლების ჩემპიონმა იოლად დაამარცხა 2011 წლის გამარჯვებული, ნორვეგიის ლარვიკი - სტუმრად 35-30 და ორი მატჩის ჯამში - 66-47.

ერთადერთი გუნდი, ვინც მეოთხედფინალის პირველი მატჩის წაგების შემდეგ გავიდა ფინალურ ოთხეულში, არის 2013 და 2014 წლების ჩემპიონი და ამ სეზონის აშკარა ფავორიტი, დიორი ეტო. უნგრულ კლუბს 31-32 ჰქონდა წაგებული საფრანგეთთში, მეცთან, მაგრამ შინ ექვსბურთანი რევანში აიღო - 28-22.

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2016-17, ქალები

მეოთხედფინალის მეორე მატჩები. 15 აპრილი

ფერენცვაროში (უნგ) - CSM ბუკურეშტი (რუმ) 26-27 (25-30)

იოვანოვიჩი 6, შაცლი 5 - მარტინი 5, მანეა, ნიომბლა, ტორსტენსონი 4

დიორი ეტო (უნგ) - მეცი (საფ) 28-22 (31-32)

ამორიმი 7, ხროტი 6, ბროკი 5 - გროსი, ზაადი, ლუსიანო, სმიტსი 4

ვარდარი (მკდ) - მიდტიულანდი (დან) 26-24 (28-26)

ჩოვიჩი, პენეზიჩი 6, ლეკიჩი 4 - იორგენსენი 6, კრისტიანსენი, პედერსენი 5

ლარვიკი (ნორ) - ბუდუჩნოსტი (მნტ) 30-35 (17-31)

რიგელჰუტი 8 , ბრაისტოლი 6 - ნიაგუ 9, ირმანი 7, ცვიიჩი 5

ფინალური ოთხეული 6-7 მაისს ბუდაპეშტში

0.129319