ფეხბურთი

15:29 | 14.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ემპოლის” პრეზიდენტი: “ლევან მჭედლიძე ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელია”

იტალიური “ემპოლი” ღრმა კრიზისშია და გამარჯვებას დანატრებულია. ამასობაში, ტოსკანურ გუნდს გასავარდნი ზონისგან უკვე მხოლოდ 3 ქულა აშორებს და წინ კიდევ 7 ტურია დარჩენილი.

“ემპოლი” შაბათს ფლორენციის “ფიორენტინას” ესტუმრება, ამ მატჩის წინ კი, ლევან მჭედლიძის გუნდის პრეზიდენტმა ფაბრიციო კორსიმ ისაუბრა და ქართველიც ახსენა:

“ასეთი რთული სიტუაცია შესაძლოა, არც ყოფილიყო, რომ არა ლევან მჭედლიძის ტრავმა – ის ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელია”, - აღნიშნა კორსიმ.

შეგახსნებეთ, მჭედლიძემ ტრავმა თებერვლის დასაწყისში მიიღო და მოედანს მხოლოდ გასულ უიქ-ენდზე დაუბრუნდა, ისიც 6 წუთით. ლევანს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 13 თამაში აქვს ჩატარებული, მაგრამ მაინც გუნდის საუკეთესო ბომბარდირია – 5 გოლი.

“ემპოლის” 22 იანვრის შემდეგ არ მოუგია. მაშინ ტოსკანელებმა “უდინეზეს” სწორედ მჭედლიძის გოლით აჯობეს (1:0). იქიდან მოყოლებული “ემპოლიმ” 10 შეხვედრა ჩაატარა და 8-ჯერ დამარცხდა. ხსენებული ათი მატჩიდან კი ლევანის გარეშე შვიდის ჩატარება მოუწიათ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ლევან მჭედლიძემ მიმდინარე სეზონში თავი “კალიარისთან” (2:0, დუბლი), “ატალანტასთან” (1:2), “უდინეზესთან” (1:0) და “კროტონესთან” (1:4) გამოიჩინა.

0.117329