დავით კვაჭაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირის დასკვნით დღეს, პარასკევს, 14 აპრილს, შეჯიბრების დამაგვირგვინებელი, ფინალური შეხვედრები გაიმართება. ოქროს მედლისათვის ბრძოლაში ქართველ მოკრივეებს ყველა წონით კატეგორიაში ვიხილავთ. ძიუდოს აკადემიის დარბაზში, ფინალები 14 საათიდან დაიწყება და მასში ერთმანეთს შემდეგი წყვილები დაუპირისპირდებიან:
49 კგ წონით კატეგორიაში ქართველი ნოდარ დარბაიძე, სომხეთის წარმომადგენელს გასპარ ბაბახანიანს შეხვდება. 52 კგ-ში რინგზე კიდევ ერთი ქართულ სომხური წყვილი წარსდგება, ბაჩო ჯინჭარაძისა და ვაგე ბადალიანის სახით. 56 კილოში აზერბაიჯანის წარმომადგენელი უმუდ რუსტამოვი მასპინძელ სევერიან ჭილაძეს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების წევრი ოთარ ერანოსიანი, თავის 60 კილოგრმა წონით კატეგორიაში, რუსი გაბილ მამედოვის წინააღმდეგ იბრძოლებს. 64 კგ-ში სომხეთის სახელით მოასპარეზე ოგანეს ბაჩკოვს, კიდევ ერთი მასპინძელი გიორგი დოლიაშვილი დაუპირისპირდება. 69 კგ-ში ოქროსთვის რუსი სერგეი მარგარიანი და ქართველი გიორგი ხარაბაძე იბრძოლებენ. 75 კგ-ში საქართველოს გუნდის წევრი გიორგი გიორგაძე სომეხ არმან დარჩინიანთან იბრძოლებს. 81კგ-ში ჩვენი ნაკრების წევრი იაგო კიზირია, რუსეთის წარმომადგენელს რაჯაბ რაჯაბოვს შეხვდება. 91 კგ-ში საუკეთესოს წოდებისთვის ერთამანეთს ალექსანდრე დოკვაძე და სომეხი ჰერიკ სარქისიანი დაუპირისპირდებიან. მძიმე წონაში კი ქართველი მიხეილ ბახტიძეს მეტოქე, რუსი ივან ვერიასოვი იქნება.
დავით კვაჭაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, რომელიც B-კატეგორიას განეკუთვნება, წელს პირველად ტარდება და მასში პირველი წრიდან 7 ქვეყნის 60 მდე მოკრივე ჩაერთო. შეჯიბრების მხარდამჭერები არიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერია და ქართული კრივის განვითარების ფონდი.
საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური