ფეხბურთი

3:35 | 14.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: დაძაბულობა, ჩხუბი, გოლები და ბევრი კითხვის ნიშანი

ევროპა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი წრის შეხვედრები ძალიან საინტერესო გამოდგა. ოთხივე დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ისეთი ანგარიშები დაფიქსირდა, რომ მომდევნო კვირასაც არანაკლები მატჩები უნდა ვიხილოთ. ერთადერთი, “აიაქსმა” იმარჯვა კომფორტული უპირატესობით, თუმცა “შალკეს” საკმაოდ კარგი კოლექტივი ჰყავს და გერმანიაში ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას აუცილებლად ეცდებიან.

გათამაშების მთავარი ფავორიტი “მანჩესტერ იუნაიტედი” გასვლაზე “ანდერლეხტს” დაუპირისპირდა და გამარჯვება ბოლო წუთებზე გაუშვა ხელიდან. ინგლისელები პირველ ტაიმში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და შეეძლოთ, რომ ყველაფერი გადაეწყვიტათ, მაგრამ მხოლოდ ერთი ბურთის გატანა მოახერხეს: 37-ე წუთზე მარკუს რეშფორდის დარტყმულს რუბენი გაუმკლავდა, თუმცა დამატებაზე ჰენრიხ მხიტარიანი გაჩნდა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. სტუმრებს საწყის 45 წუთში კიდევ ერთი 100%-იანი მომენტი ჰქონდათ – მე-17 წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩს მეკარემ აჯობა, დამატებაზე კი ჟესი ლინგარდმა ორიოდე მეტრიდან ძელს მოარტყა ბურთი.

მეორე ტაიმში თამაში შედარებით გათანაბრდა, მაგრამ მცირე სათამაშო უპირატესობას მაინც სტუმრები ფლობდნენ. მიუხედავად ამისა, “წითელმა ეშმაკებმა” ბურთი საკუთარ კარში მიიღეს: 86-ე წუთზე ივან ობრადოვიჩმა მეტოქის საჯარიმოში კარგად ჩააწოდა, სადაც ლეანდერ დენდონკერმა მატეო დარმიანის საჰაერო დუელი მოუგო და თავური დარტყმით ბრწყინალე გოლი გაიტანა – 1:1.

“აიაქსი” “ამსტერდამ არენაზე” “შალკეს” დაუხვდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ჰოლანდიელები ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ და თავისუფლად შეეძლოთ, რომ დიდი ანგარიშით მოეგოთ. რაც შეეხება გოლებს, 23-ე წუთზე იუნესმა შოფთან ჭიდილში პენალტი გამოიმუშავა, რომელიც დევი კლაასენმა უნაკლოდ შეასრულა. 52-ე წუთზე კი კაპიტანმა ჯასტინ კლიუვერტის გადაცემა შეირგო და დუბლი გაიფორმა – 2:0. ჰოლანდიურმა გრანდმა სერიოზული უპირატესობა მოიპოვა, თუმცა იმის თქმა, რომ ამ წყვილში ყველაფერი გადაწყდა, ალბათ ნაადრევია. “შალკეს” წინაშე ძალიან რთული მისიაა, მაგრამ არა შეუსრულებელი.

კინაღამ ჩაიშალა “ლიონისა და “ბეშიქთაშის” ჯახი, რადგან კლუბების ფანები ერთმანეთს სერიოზულად დაუპირისპირდნენ და ბოლოს მოედანზე შეიჭრნენ. საბოლოოდ, ვითარების განმუხტვა მოხერხდა და შეხვედრა დაახლოებით 45 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას. პირველ ნახევარში სტუმრები უკეთესად გამოიყურებოდნენ და ეს ტაბლოზეც აისახა: მე-15 წუთზე ანდერსონ ტალისკას ჩინებული გადაცემა რაიან ბაბელმა გამოიყენა და ახლო მანძილიდან შეაგდო.

მეორე ტაიმი კი მთლიანად ფრანგების გამოდგა და უდიდეს სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ძალიან ბევრი საგოლე ეპიზოდის მიუხედავად, გოლების გატანა ბოლო წუთებამდე ვერ მოახერხეს. 83-ე წუთზე მასპინძელთა მოწოდებულ სტანდარტულს თურქების საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, რაც ტოლისოს გოლით დასრულდა, ხოლო ორ წუთში ფაბრიმ ბავშვური შეცდომა დაუშვა და მორელს ჩააბარა ბურთი, რომელმაც ცარიელ კარში შეაგორა – 2:1.

დღის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა “ესტადიო ბალაიდოსზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “სელტამ” ბელგიური “გენკი” დაამარცხა, თუმცა არც თუ ისე სასურველი ანგარიშით. მასპინძლები მე-10 წუთზე მდევრის როლში აღმოჩნდნენ, მაგრამ ტაიმის ბოლომდე 3 უპასუხო ბურთი გაიტანეს და კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს. გალისიელები მეორე ნახევარშიც კარგად თამაშობდნენ და მომენტებიც მრავლად ჰქონდათ, მაგრამ გოლი აქეთ მიიღეს და სიტუაცია გვარიანად გაირთულეს: 67-ე წუთზე ხონიმ ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა და ცვლილებაზე 5 წუთით ადრე შემოსულ ბუფელს ჩინებული საჩუქარი გაუკეთა, რომელმაც ეს გამოიყენა და საკუთარ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის საკმაოდ კარგი შანსი მოუპოვა – 3:2.

აიაქსი – შალკე 2:0 (1:0)

ამსტერდამი, “ამსტერდამ არენა”

აიაქსი (4-3-3): ონანა, ვიერგევერი, დ.სანჩესი, სინკგრავენი (დე ლიგტი 46), ველტმანი, ზიეჩი, ვან დე ბიკი (ფ.დე იონგი 87), კლაასენი, იუნესი, კლიუვერტი (ნერესი 74), ბ.ტრაორე.
მწვრთნელი: პიტერ ბოში

შალკე (4-3-3): ფერმანი, ჰიოვედესი, ნასტასიჩი, აოგო, კეჰრერი, გორეცკა, ბენტალები, მეიერი (სტამბული 59), კალიჯური (კონოპლიანკა 83), შოფი (ჰუნტელაარი 71), ბურგსტალერი.
მწვრთნელი: მარკუს ვეინზიერლი

გოლები: კლაასენი (23 პენ; 53)
გაფრთხილებები: კლაასენი, ნერესი – კეჰრერი, სტამბული
მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

სელტა – გენკი 3:2 (3:1)

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, ფონტასი, კაბრალი, მალიო, ხონი, ვასი (ხოზაბედი 78), რადოია, პ.ერნანდესი, სისტო, ასპასი, გუიდეტი (ბივუ 67).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გენკი (4-3-1-2): რაიანი, კოლი, ბრაბეცი, კასტანიე, ურონენი, ბერგი, პოზუელო, მალინოვსკი (ჰეინენი 92), ტროსარდი (შრივერსი 82), სამატა, ბოეტიუსი (ბუფელი 62).
მწვრთნელი: ალბერტ სტუივენბერგი

გოლები: 0:1 ბოეტიუსი (10), 1:1 სისტო (15), 2:1 ასპასი (18), 3:1 გუიდეტი (38), 3:2 ბუფელი (67)
გაფრთხილებები: კასტანიე, ტროსარდი, შრივერსი
მსაჯი: კლემენტ ტურპინი (საფრანგეთი)

ანდერლეხტი – მანჩესტერ იუნაიტედი 1:1 (0:1)

ანდერლეხტი, “კონსტანტ ვანდენ სტოკ სთედიუმი”

ანდერლეხტი (4-3-3): რუბენი, ნუიტინკი, მბოდჯი, აპია, ობრადოვიჩი, დენდონკერი, ტიელემანსი, სტანკუ (ჰანი 65), აჩეამპონგი, ბრუნო (ჩიფჩუ 58), ტელინი (ტეოდორჩუკი 75).
მწვრთნელი: რენე ვეილერი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-3): რომერო, ბაილი, როხო, ვალენსია, დარმიანი, კერიკი, პოგბა, ლინგარდი (მარსიალი 63), რეშფორდი (ფელაინი 75), მხიტარიანი (ფოსუ-მენსა 91), იბრაჰიმოვიჩი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 0:1 მხიტარიანი (37), 1:1 დენდონკერი (86)
გაფრთხილებები: ობრადოვიჩი – მხიტარიანი, კერიკი, ფოსუ-მენსა
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

ლიონი – ბეშიქთაში 2:1 (0:1)

ლიონი, “პარკ ოლიმპიკ ლიონი”

ლიონი (4-2-3-1): ლოპეში, დიაკაბი, მამანა, რაფაელი (ჟალე 53), მორელი, ტუსარტი, ტოლისო, გეჟალი (კორნე 52), ფეკირი, ვალბუენა, ლაკაზეტი.
მწვრთნელი: ბრუნო გენესიო

ბეშიქთაში (4-2-3-1): ფაბრი, მიტროვიჩი (უისალი 64), მარსელო, ტოსიჩი, გონული, ჰაჩინსონი, ოზიაკუპი (არსლანი 74), ადრიანო, ბაბელი, ტალისკა, ტოსუნი (ინლერი 87).
მწვრთნელი: შენოლ გიუნეში

გოლები: 0:1 ბაბელი (15), 1:1 ტოლისო (83), 2:1 მორელი (85)
გაფრთხილებები: რაფაელი, ლაკაზეტი, ფეკირი, ჟალე, ვალბუენა – მარსელო, არსლანი
მსაჯი: მატეუ ლაოსი (ესპანეთი)

0.113297