ფეხბურთი

16:06 | 13.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონმა ხასიათი და სატურნირო მდგომარეობა გამოიკეთა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა “სამტრედიამ” ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ფოთის “კოლხეთი” დაამარცხა და წინა ტურში ქუთაისის "ტორპედოსთან" საკუთარ მოედანზე განცდილი მარცხის (0:2) შემდეგ მნიშვნელოვანი სამი ქულა მიითვალა.

მიმდინარე სეზონში არასტაბილურად მოთამაშე სამტრედიელებმა ქობულეთში "ჩელე არენაზე" გამართულ შეხვედრაში მეტოქეს 2:1 მოუგეს და ბოლოსწინა მე-9 ადგილიდან მეოთხეზე გადაინაცვლეს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ცხრილში სიმჭიდროვეა და ტურის სხვა მატჩებიც ჯერ კიდევ წინაა, შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს.

გია ცეცაძის შეგირდები დღევანდელ მატჩში მე-7 წუთზე დავით ჩაგელიშვილის გოლით დაწინაურდნენ. მასპინძლის სტატუსით მოთამაშე ფოთელებმა 50-ე წუთზე სტუმართა შეცდომით ისარგებლეს და ხელსაყრელ პოზიციაში დარჩენილმა მიკოლა კოვტალიუკმა ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, სამტრედიელთა მონდომებამ შეხვედრის მიწურულს შედეგი გამოიღო, თამაშის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე, მსაჯმა ფოთელთა საჯარიმოში გიორგი კილასონიას მხრიდან ხელით თამაში დააფიქსირა, თერთმეტმეტრიანი ნიკა სანდოხაძემ ზუსტად შეასრულა და მის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

კოლხეთი (ფოთი) - სამტრედია 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 დავით ჩაგელიშვილი (7), 1:1 მიკოლა კოვტალიუკი (50), 1:2 ნიკოლოზ სანდოხაძე (87. პენ.)

მეშვიდე ტური გუშინ თბილისის “ლოკომოტივისა” და გორის “დილას” მატჩით დაიწყო, რომელიც ფრედ 3:3 დასრულდა. ამ წუთებში თბილისის “დინამო” ქობულეთის “შუქურას” მასპინძლობს, 18:00 საათზე დაიწყება “საბურთალოსა” და ბათუმის “დინამოს” დაპირისპირება, 20:00 საათზე კი ტურის ბოლო მატჩს ქუთაისი უმასპინძლებს, სადაც “ტორპედო” საჩხერის “ჩიხურას” დაუხვდება.

1. ლოკომოტივი 7 4 2 1 18 7 +11 14
2. დინამო თბ 6 4 0 2 7 4 +3 12
3. ჩიხურა 6 3 1 2 7 5 +2 10
4. სამტრედია 7 3 1 3 6 8 -2 10
5. ტორპედო 6 2 3 1 7 5 +2 9
6. დინამო ბთ 6 3 0 3 5 4 +1 9
7. საბურთალო 6 3 0 3 6 8 -2 9
8. დილა 7 1 4 2 7 8 -1 7
9. კოლხეთი 1913 7 2 1 4 10 13 -3 7
10. შუქურა 6 0 2 4 5 16 -11 2
0.111799