კალათბურთი

16:31 | 12.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

„კაკტუსმა“ ოთხეული შეავსო

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის 26-ე ტურის მორიგ შეხვედრას თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. ერთმანეთს „დინამო“ და „კაკტუსი“ დაუპირისპირდნენ.

ამ გუნდებიდან „დინამო“ რეგულარულ ჩემპიონატში უმოტივაციოდაა დარჩენილი, რადგან მან პირველი ადგილი და პლეი ოფში თამაშის უფლება ვადაზე ადრე გაინაღდა. რაც შეეხება „კაკტუსს“, ამ შეხვედრამდე ის ოთხეულში მოხვედრისთვის იბრძოდა. გაიმარჯვა „კაკტუსმა“ 74:68 და პლეი ოფში თამაშის უფლება რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოიპოვა. მეოთხე ადგილზე რომ აღარაფერი ვთქვათ, „კაკტუსი“, რომელიც მესამე ადგილზე მყოფ „რუსთავს“ ერთი ქულით ჩამორჩება, მესამე ადგილზე გასვლის თეორიულ შანსაც ინარჩუნებს.

გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე „დინამო“–„კაკტუსის“ შეხვედრის პირველი მეოთხედის შემდეგ „დინამო“ ორი ქულის სხვაობით 19:17 დაწინაურდა. ამის შემდეგ სუპერლიგის დებიუტანტი „კაკტუსი“ გააქტიურდა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეხვედრა მის სასარგებლოდ დაასრულა.

„კაკტუსის“ გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი ირაკლი ჩლაიძემ და ამერიკელმა ლეგიონერმა ჯონ ფლოვიესმა შეიტანეს. ჩლაიძე 20 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში. რაც შეეხება ფლოვიესს, 12 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. დინამოელთა შორის ყველაზე კარგი შედეგის მქონე ლევან ფაცაციას ანგარიშზე 19 ქულა და 10 მოხსნაა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა გუნდის კაპიტანი ილია ლონდარიძე - 10 ქულა, 14 მოხსნა.

დინამო - კაკტუსი 68:74 (19:17, 17:21, 16:18, 16:18)

0.11672