ფეხბურთი

1:54 | 12.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბებერი ქალბატონის" ბრწყინვალება (+VIDEO)

მორიგი იმედგაცრუება და მორიგი სასწაულის იმედად – ესპანური მედიის პირველი გვერდები ძირითადად ასეთი და მსგავსი შინაარსის ფრაზებითაა აჭრელებული. კატალონიის “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასასვლელად კიდევ ერთი ქამ-ბექის შესრულება დასჭირდება, თუმცა როგორც ლუის ენრიკე ამბობს, ეს რთული იქნება.

ბევრი მიიჩნევს, რომ ტურინის “იუვენტუსი” “პარი სენ ჟერმენი” არაა და საპასუხო თამაშში კიდევ ერთი საოცრება არ მოხდება. მანამდე ერთი კვირაა, და “იუვემ” პირველი თამაში დიდებულად, უნაკლოდ ჩაატარა და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი შეაგება.

“ბებერმა ქალბატონმა” მეტოქეს გამარჯობის თქმა არ დააცადა: მეშვიდე წუთი მიმდინარეობდა ხუან კუადრადო ფლანგზე ჩინებულად გაიხსნა და პაულო დიბალა მოძებნა, რომელიც კარისკენ ზურგით იდგა და თითქოს ხიფათს არაფერი მოასწავებდა სტუმართათვის – ასე ფიქრობდა ბევრი და მათ შორის “ბარსელონას” უკანა ხაზი: მაგრამ რა გააკეთა არგენტინელმა? უმალვე შემოტრიალდა და ბურთი იქ გადაგზავნა, საიდანაც გოლი გარდაუვალი იქნებოდა. მართლაც ზღაპრული გოლი გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ამაზე სწრაფი გოლი “ბარსას” კარში არავის გაუტანია. ტურინელებმა მალევე გაზარდეს უპირატესობა: ამჯერად შეტევა მარცხენა ფლანგიდან მარიო მანჯუკიჩმა განავითარა და დიბალამ ერთი შეხებით შეაგდო – “იუვეს” 21 ნომერი აქამდე ხომ ძვირად ფასობდა, მაგრამ დღეიდან კიდევ უფრო დიდი ფასი დაედება ეჭვგარეშეა. საერთოდ, ტურინულ გრანდს კატალონელების შეტევებთან გამკლავება არ უჭირდათ – მესი-სუარესი-ნეიმარის ტრიო ღირებულს ვერაფერს ქმნიდა. თუმცა, ლეომ ერთ ეპიზოდში “ბებერი სინიორას” მთელი დაცვა უსაქმოდ დატოვა და ანდრეს ინიესტა ჯიჯი ბუფონს პირისპირ შეჰყარა. ორი გენიოსის დუელში კი, გამარჯვებული იტალიელი გამოვიდა. რეალურად, ეს ერთადერთი მომენტი გამოდგა მთელ თამაშში, როდესაც ჯიჯი ასპროცენტიან გოლს გადაარჩინა “იუვე”.

პირველ ტაიმში არაფერი შეცვლილა, აი მეორე ნახევარი კი, “ბარსელონას” ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო. თუმცა, გოლთან ყველაზე ახლოს გონსალო იგუაინი გახლდათ, რომელიც ტერ შტეგენთან პირისპირ დარჩა, მაგრამ უხეიროდ დაარტყა. თუმცა, “იუვენტუს სთედიუმზე” შეკრებილმა პუბლიკამ მალე მაინც გაიხარა. მირალემ პიანიჩმა კუთხურიდან ბურთი ჯორჯო კიელინისკენ გაგზავნა და გამოცდილმა მცველმა შორეულ კუთხეში შეაგდო. აღსანიშნავია, რომ კიელინიმ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 52 მატჩში პირველი გოლი გაიტანა და ასევე 2009 წლის შემდეგ. მატჩის დასრულებამდე დიდი დრო იყო დარჩენილი, მაგრამ განსაკუთრებული საინტერესო არაფერი მომხდარა. თუმცა, ერთ ეპიზოდში კიელინის ბურთი საჯარიმოში ხელზე მოხვდა და შიმონ მარცინიაკმა ეპიზოდი უყურადღებოდ დატოვა. სამაგიეროდ ცოტა ხანში სამი ხედირას მეკარესთან პირისპირ გასვლა არ გამორჩენია და თამაშგარე დააფიქსირა, რომელიც არ ყოფილა. არადა, შეტევა ხუან კუადრადოს მეოთხე გოლით დასრულდა.

ასე იყო თუ ისე, ვერავინ იტყვის, რომ “იუვენტუსმა” “ბარსელონა” 3:0 დაუმსახურებლად დაამარცხა. გეტყვით, რომ ტურინულმა გრანდმა “ბლაუგრანას” ერთ თამაშში სამი გოლი პირველად გაუტანა. რეკორდების დამყარებას კი, აგრძელებს: “იუვეს” საკუთარ მოედანზე უკვე ზედიზედ 48 მატჩია არ წაუგია (42 მოგება, 6 ფრე). აქედან უკანასკნელი 12 საერთოდ მოიგო... ჩემპიონთა ლიგაზე კი, შინ ბოლოს 4 წლის წინ დამარცხდა. მართლაც ბრწყინვალე სტატისტიკაა, ისევე, როგორც მასიმილიანო ალეგრის გუნდის თამაშის ხარისხი იყო კატალონელთა წინააღმდეგ. და მაინც, მხოლოდ პირველი მატჩი გახლდათ და წინ კიდევ ერთი 90 წუთია...

“იუვენტუსი” – “ბარსელონა” 3:0 (2:0) VIDEO

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

მაყურებელი: 41 092

“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; დანი ალვეში, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი (ბარძალი 89); კუადრადო (ლემინა 73), დიბალა (რინკონი 81), მანჯუკიჩი; იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, მატიე (ანდრე გომეში 46); რაკიტიჩი, მასკერანო, ინიესტა; მესი, სუარესი, ნეიმარი

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 1:0 დიბალა (7), 2:0 დიბალა (22), 3:0 კიელინი (55)

გაფრთხილება: დანი ალვეში (28), მანჯუკიჩი (63), ხედირა (74), ლემინა (90) – სუარესი (53), ინიესტა (57), უმტიტი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (8) – 14 (3) ბურთის ფლობა: 35%-65% კუთხურები: 5:8 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: შიმონ მარცინიაკი

0.565236