საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდში ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. აღნიშნული წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი მეკარე ზვიად კუპატაძეა, რომელიც ნაკრებს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.
იტალიასთან მატჩის შემდეგ მან მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართულმა ფუტსალმა მსოფლიო აალაპარაკა:
“ქართველი გულშემატკივარი გავახარეთ – ნახეთ, რომ ნახევარი საათი დარბაზიდან არ წასულან და ასეთი რამ, მე არ მახსოვს. ჩემი მიზანი ნაკრებში დაბრუნებისას სწორედ ეს იყო და ძალიან მიხარია, რომ ეს შევძელით. სასწაულები კი, ნამდვილად ხდება – ქართულმა ფუტსალმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა.
რუსეთის ფუტსალის ფედერაციის პრეზიდენტი და სხვები მწერდნენ თამაშამდე, მამხნევებდნენ, მეუბნებოდნენ, რომ თქვენ ამას შეძლებთ... დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გუნდს, მთავარ მწვრთნელს. ჩვენ დღეს გუნდი ვართ და და ამით ამაყები ვართ! მიხედეთ ფუტსალს საქართველოში”, - თქვა კუპატაძემ.
რაც შეეხება პლეი-ოფის მატჩებს, იგი სექტემბრის ბოლოს გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.