ტაილანდის დედაქალაქ ბანკოგში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა შეიძლება ითქვას დასახულ მიზანს მიაღწია და არგენტინაში გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.
ეს დიდი წარმატებაა ქართული სპორტისათვის, რადგან პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ჩვენი ქვეყანაც იქნება წარდგენილი. ნაჩვენებ შედეგზე და სამომავლო გეგმებზე საქართველოს კადეტთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი ზურაბ ანთაური გვესაუბრება.
ზურაბ ანთაური: “პირველყოვლისა, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ვულოცავთ მიღწეულ წარმატებას და ვისურვებდით კიდევ არაერთხელ გაეხარებინოს ჩვენი სამშობლო რეკორდებითა და ჩემპიონის ტიტულებით.
რაც შეეხება ჩვენ ასაკობრივ ნაკრებს, ბიჭებმა მაქსიმუმი გაიღეს და მიზანი მიღწეულია - საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა.ჭაბუკთა ნაკრებს წინ საქართველოს ჩემპიონატი და სექტემბრის თვეში ევროპის ჩემპიონატი ელოდება, სადაც, რაღა თქმა უნდა, პროგრამა მინიმუმი უმაღლესი სინჯის მედლები იქნება და ვფიქრობ, შევძლებთ გულშემატკივრების გახარებას.ევროპის ჩემპიონატი კოსოვოში გაიმართება და კარგი გენერალური რეპეტიცია იქნება 2018 წლის ოლიმპიადისათვის, სადაც იმ დროისათვის ყველაზე კარგ ფორმაში მყოფი ძალოსანი წარადგენს საქართველოს. რა თქმა უნდა, შანსი სამშობლოს წარსადგენად ყველასთვის თანაბარია.
ბანკოგში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატს რომ დავუბრუნდეთ, სიმართლე გითხრათ ემოციებისაგან ისეთი დაცლილი ვარ, მეშინია რამე არ გამომჩეს და ვინეს გული არ დავწყვიტო.პირველი, რაც მინდა აღვნიშნო, ტაილანდელებმა ბრწყინვალე შეჯიბრი ჩაატარეს ყველა მიმართულებით. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ნაკრების უკლებლივ ყველა წევრს და ასევე ჩემს მეორე მწვრთნელს თემურ ჯანჯღავას, რომელმაც ყველა პრობლემატური საკითხი ჩინებულად მოაგვარა,მისი დახმარება შეუფასებელია. დიდი მადლობა ჩვენი გუნდის ექიმს გიორგი ჭინჭარაულს, რომელიც დღენიადაგ ზრუნავს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ჩვენს გვერდით ასევე იმყოფებოდა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, რომელიც ბიჭებისათვის დამატებით სტიმულის მომცემი იყო.ბიჭებმა თავი არ დაზოგეს და შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელი შეძლეს. კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებით, წინ კიდევ უამრავი შეჯიბრი გველოდება,უმთავრესი მიზანია ახალგაზრდული ოლიმპიადიდან შინ მედლით დაბრუნება.დიდი მადლობა ქომაგებს ასეთი აქტიური ქომაგობისათვის.ეს ნამდვილად დიდი სტიმულია ჩვენთვის.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ლაშას და ირაკლის, ასევე მათ მწვრთნელებს მიღწეულ წარმატებას და ქართულ ძალოსნობას წარმატებას ვუსურვებ“.
კობა ობოლაშვილი
https://www.facebook.com/GeorgianWeightliftingFederation/