გერმანიის ბუნდესლიგის XXVIII ტურის ცენტრალურ მატჩში ბრძოლა არ შედგა – მიუნხენის “ბაიერნმა” ოთხი დღის წინ, ზინსჰეიმში განცდილი მარცხი მალევე დაივიწყა და დორტმუნდის “ბორუსია” გაანადგურა.
გერმანიაში “ბაიერნს” სერიოზული კონკურენტი რომ არ ჰყავს, ძველი ამბავია, მაგრამ გულშემატკივარი “ალიანც არენაზე” მაინც უშეღავათო ბრძოლას ელოდა. თუმცა ყველაფერს ცივი წყალი საწყის ათ წუთში გადაესხა, როდესაც ფრანკ რიბერიმ და რობერტ ლევანდოვსკიმ ორბურთიანი უპირატესობა მიანიჭეს თავიანთ გუნდს. მიუხედავად იმისა, რომ პირველივე ტაიმში რაფელ გუერეირომ ანგარიში დაასველა, ამას შეხვედრის შედეგზე ზეგავლენა არ მოუხდენია. პირიქით, მეორე ნახევარში “რეკორდმაისტერმა” კიდევ ორჯერ დალაშქრა “ბორუსიას” კარი და ვერცხლის სინთან” კიდევ უფრო ახლოს მივიდა. აღსანიშნავია, რომ “ბაიერნს” საკუთარ მოედანზე თამაში უკვე ერთი წელია არ წაუგია...
როგორც ჩანს, კრიზისი წარსულში დატოვა “ლაიპციგმა” – რალფ ჰასენჰუტლის შეგირდებმა ბოლო ტურებში ჩვეულად დაიწყეს თამაში და მორიგი სამი ქულა შემატეს აქტივს. “რედ ბულმა” საკუთარ მოედანზე “ლევერკუზენს” სძლია. მართალია, მძიმედ და ბოლო წუთზე გატანილი გოლით, მაგრამ მთავარ მიზანს მიაღწია და სამი ქულა მოიპოვა. “ლაიპციგი” ლიდერს 10 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მეორე პოზიციაზე დამაჯერებლადაა და ესეც შესანიშნავი შედეგი უნდა იყოს დებიუტანტი გუნდისთვის.
“ჰოფენჰაიმმა” წინა ტურში თვით მიუნხენის “ბაიერნი” დაამარცხა და საერთოდაც, იულიან ნაგელსმანის გუნდი ჩინებულად ატარებს მიმდინარე სეზონს. ამიტომაც, “სოფლელების” მარცხი ჰამბურგში ადგილბრივ გუნდთან მოულოდნელი იყო. “ჰამბურგმა” მოპოვებული სამი ქულით მნიშვნელოვნად გაიუმჯოობესა სატურნირო მდგომარეობა. აი, “ჰოფენჰაიმი” კი, მესამე საფეხურზე დარჩა თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, გაისად როგორც მინიმუმ ჩემპიონთა საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
წააგო ევროსაგურისთვის მებრძოლმა “კიოლნმა” – “თხებმა” საკუთარ მოედანზე “გლადბახს” ვერ გაუწიეს ღირსეული წინააღმდეგობა და სამი ქულა გაატანეს. გელზენკირხენის “შალკემ” კი, “ვოლფსბურგი” განაადგურა – 4:1. ტურის კიდევ ერთ მატჩი ფრაიბურგში ჩატარდა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა “მაინცი” მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
“კიოლნი” – “გლადბახი” 2:3 (1:1)
გოლები: 0:1 ვესტერგაარდი (13), 1:1 კლემენსი (18), 1:2 ტრაორე (55), 2:2 მოდესტე (58), 2:2 სტინდლი (80)
“ფრაიბურგი” – “მაინცი” 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 პეტერსენი (70)
“ჰამბურგი” – “ჰოფენჰაიმი” 2:1 (1:1)
გოლები: 1:0 ჰანტი (25), 1:1 კრამარიჩი (35, პენ), 2:1 ჰანტი (75)
“ლაიპციგი” – “ლევერკუზენი” 1:0 (0:0) VIDEO
გოლი: 1:0 პოულსენი (90)
“შალკე” – “ვოლფსბურგი” 4:1 (2:0) VIDEO
გოლები: 1:0 ბურგსტალერი (6), 2:0 გორეცკა (23), 3:0 კალიჯური (48), 4:0 ბურგსტალერი (77), 4:1 გომესი (79, პენ)
“ბაიერნი” – “დორტმუნდი” 4:1 (2:1) VIDEO
გოლები: 1:0 რიბერი (4), 2:0 ლევანდოვსკი (10), 2:1 გუერეირო (20), 3:1 რობენი (49), 4:1 ლევანდოვსკი (68, პენ)
ბომბარდირები: რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) – 26, პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”) – 25, ენტონი მოდესტე (კიოლნი”) – 23.