ფეხბურთი

22:16 | 8.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალის მეინ რაუნდი: ლოგიკური ფრე ჰოლანდიასთან

ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მეინ რაუნდი დაიწყო – საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ჰოლანდიას ვერ მოუგო, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ არსებობს და ტან არცთუ ურიგო.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა სტუმრებთან შეხვედრა კარგად დაიწყო და მალევე დაწინაურდა – “ჯვაროსნების” ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ სებისკვარეძემა უკვე მე-6 წუთზე გახსნა ანგარიში. ქართველებს ამის მერეც ჰქონდათ მომენტები, მაგრამ ლოგიკური დასასრული არ მოჰყოლია. თავის მხრივ, ურიგოდ არც ჰოლანდიის ნაკრები ირჯებოდა და რომ არა, ზვიად კუპატაძის ჩინებული თამაში, შესაძლოა მოეგოთ კიდეც. მეორე ტაიმის დასაწყისში კი, სტუმრებმა კონტრშეტევაზე დაიჭირეს საქართველო და შეტევა ჯამალ ელ განუტის ზუსტი დარტყმით დასრულდა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ყველაზე საინტერესო რაც მოხდა, დარბაზში ელექტროენერგიის ჩაქრობა გახლდათ – გაუგებრობა საბოლოოდ, რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდგომ დასრულდა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების თამაშს – პირველი ტაიმი და მეორე ნახევრის საწყისი 5-10 წუთი დადებითი იყო, მაგრამ მატჩის ბოლოსკენ თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებდა. არავინ იცის, მაგრამ ალბათ ეს დაღლილობის ბრალიც იყო. მთლიანობაში კი, შეხვედრის სურათს თუ გავითვალისწინებთ, ფრე ყველაზე ლოგიკური შედეგიც იყო.

დღესვე, ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ფავორიტმა იტალიამ ბელარუსის ნაკრებს წაგებული თამაში ორ წუთში შემოუტრიალა და პირველი სამი ქულა მიითვალა.

მეორე ტურის მატჩები ახალ სპორტის სასახლეში ხვალ გაიმართება – 15:30 საათზე იტალია ჰოლანდიას გაეჯიბრება, ხოლო 18:00 საათზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელარუსი იქნება.

საქართველო – ჰოლანდია 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 სებისკვერაძე (05:40), 1:1 ელ განუტი (26:54)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (10) – 25 (14) კუთხურები: 8:7 გაფრთხილება: 1:2

იტალია – ბელარუსი 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 ჟიგალკო (26:22), 1:1 კავინატო (30:13), 2:1 კალდეროლი (31:23)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 22 (14) – 14 (9) კუთხურები: 13:6 გაფრთხილება: 0:1

0.118518