მარტის თვის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად მოსკოვის "სპარტაკისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე დასახელდა. ასე გადაწყვიტა WORLDSPORT.GE-ს მკითხველმა. გამოკითხვა, “თქვენ ირჩევთ” ჯანომ მეორედ მოიგო. პირველად მან ეს გასული წლის სექტემბერში მოახერხა.
საბოლოო ჯამში აღნიშნულ გამოკითხვაში მონაწილეობა 611 ადამიანმა მიიღო და ხმების უმრავლესობა 24 წლის ფეხბურთელს ერგო – 48.1%. სხვათა შორის, ანანიძე მეორე ფეხბურთელია, რომელმაც "თქვენ ირჩევთ" მეორედ მოიგო. პირველად ამის გაკეთება ლევან მჭედლიძემ შეძლო დეკემბერსა და იანვარში მიყოლებით.
ანანიძემ ფაქტობრივად კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა - მეორე ადგილზე დავით ხოჭოლავა გავიდა, რომელმაც ხმების მხოლოდ 20.1% მიიღო. მესამე პოზიცია 14.2%-ით ვეენის "რაპიდის" ფორვარდ გიორგი ქვილითაიას ერგო.
დანარჩენ ორ ადგილს რაც შეეხება – მეოთხე ადგილი გურამ კაშიამ დაიკავა (8.8%), ხოლო ბოლო, მეხუთე ადგილს დასჯერდა ნიკა კვეკვესკირი (8.7%).
შეგახსენებთ წინა თვეების გამარჯვებულებსაც: სექტემბერი – ჯანო ანანიძე, ოქტომბერი – ვაკო გვილია, ნოემბერი, თორნიკე ოქრიაშვილი, დეკემბერი – ლევან მჭედლიძე, იანვარი - ლევან მჭედლიძე, თებერვალი - გიორგი მაკარიძე.
ახლა კი, მარტის თვის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა:
ჯანო ფორმაში ნელ-ნელა შედის. ქართველი „ფანტაზისტასთვის“ განსაკუთრებით წარმატებული მარტის ბოლო გამოდგა. ჯანომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც დაგვამახსოვრა კარგი თამაშით თავი. მართალია, ეს უფრო ლატვიასთან ამხანაგურ მატჩზე ითქმის, მაგრამ მაინც - ჯანომ დუბლი გაიფორმა და საგოლე გადაცემაც გააკეთა. სერბეთთან კი, იმდენად ეფექტურად ვერ გამოიყურებოდა. რაც შეეხება „სპარტაკს“ - მარტში პრემიერლიგაში ორჯერ ითამაშა. გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა მოსკოვურ დერბში, „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ.
P.S ანანიძემ „ორენბურგთან“ საგოლე გადაცემა გააკეთა და ჩინებულად ჩაატარა შეხვედრა, მაგრამ ეს უკვე აპრილის თვეში მოხდა და ამიტომაც, ამაზე უკვე მიმდინარე თვის შეჯამებისას ვისაუბრებთ.
“თქვენ ირჩევთ” ტრადიციულად აპრილის დასრულების შემდეგ განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე და მკითხველი ამჯერად უკვე, შესაბამისი თვის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს ისევ გამოავლენს.