უეფას 41-ე კონგრესზე ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის აღამსრულებელი კომიტეტის ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს.
უეფას ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 12 კანდიდატიდან 8 ვაკანტურ ადგილზე 2017-დან 2021 წლამდე აირჩიეს: დევიდ გილი (ინგლისი), მიხაელ ვან პრაგი (ჰოლანდია), კარლ-ერიკ ნილსონი (შვედეთი), ჯონ დილეინი (ირლანდია), მიკელე უვა (იტალია), ზბიგნევ ბონეკი (პოლონეთი), რანჰარდ გრინდელი (გერმანია), სერვეტ იარდიმჯი (თურქეთი).
აღმასკომის წევრობისთვის არასაკმარისი ხმები დააგროვეს: არმანდ დუკამ (ალბანეთი), ელხან მამედოვმა (აზერბაიჯანი) და კირან ოკონორმა (უელსი). კენჭისყრის წინ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა კაირატ ბორანბაევმა (ყაზახეთი).
პირველ ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს კარლ-ერიკ ნილსონი (შვედეთი), ასევე ვიცეპრეზიდენტები გახდნენ: ფერნანდუ გომეში (პორტუგალია), რანჰარდ გრინდელი (გერმანია), გრიგორი სურკისი (უკრაინა) და ანხელ მარია ვილიარ ლონა (ესპანეთი).
ამასთან, კონგრესის მონაწილეებმა დაამტკიცეს ორგანიზაციის პრეზიდენტობისა და აღმასკომის წევრობის მაქსიმალური ვადის დაწესების შესახებ მიმდინარე წლის თებერვალში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, პრეზიდენტსა და აღამსკომის წევრებს მაქსიმუმ სამი 4-წლიანი ვადით აირჩევენ.