კალათბურთი

23:23 | 5.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძეს სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

დღეს ,,ოლიმპისა“ და ,,ქუთაისის“ მატჩით საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე წრის მეოთხე ტური დაიწყო. ასპარეზობას თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.

ამ შეხვედრის მონაწილე გუნდებს მიმდინარე ჩემპიონატში განსხვავებული მიზნები აქვთ. ქუთათურებმა პლეი-ოფზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რეგულარულ ჩემპიონატში მეორე ადგილი უკვე გაინაღდეს და ნახევარფინალურ სერიაში მოედნის უპირატესობა მოიპოვეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, რეგულარული ჩემპიონატის დარჩენილმა მატჩებმა ქუთაისელთათვის მნიშვნელობა დაკარგა. ,,ოლიმპს“ კი სუპერლიგიდან გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია და მისთვის თითოეულ ქულას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშის მოგება ,, ქუთაისს“ არაფერს აძლევდა, შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც დროის ეს მონაკვეთი 9 ქულის სხვაობით 19:10 მოიგეს. მასპინძლები მეორე მეოთხედის შემდეგ გააქტიურდნენ და გუნდის კაპიტან რეზო როგავას აქტიური თამაშის წყალობით ეტაპობრივად იწყეს ანგარიშში სხვაობის შემცირება. ,,ოლიმპი“ ამით არ დაკმაყოფილდა და წინ გასვლაც მოახერხა. იყო ეპიზოდი, როცა მასპინძლები 8 ქულით უგებდნენ მეტოქეს.

,,ქუთაისის“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ იგი წაგებას არ ეგუებოდა და მეტოქეს სიმშვიდეს არ აძლევდა. სტუმართა შორის განსაკუთრებით ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი ცინცაძე აქტიურობდა, რომელმაც 15 ქულა, 11 მოხსნა, 9 პასი დააგროვა და სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა. სტუმართა დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ,,ოლიმპმა“ საწადელს მაინც მიაღწია, 77:73 დაამარცხა მეტოქე და მინიმუმ ,,დინამო“-,,მგზავრების“ შეხვედრამდე აუტსაიდერობას თავი დააღწია.

ორივე გუნდის შემადგენლობაში 23 ქულით ყველაზე შედეგიანი რეზო როგავა იყო. იმერლების მხრიდან ყველაზე მეტი 18 ქულა ზაურ ფაშაევმა დააგროვა.

,,ოლიმპი“ - ,,ქუთაისი“ 77:73 (10:19, 17:11, 23:18, 27:25)

0.119845