ფეხბურთი

11:21 | 5.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

21-წლამდელებს ახალი სპარინგპარტნიორები შეურჩიეს

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მოსამზადებელ ეტაპზე მონტენეგროსთან 12 ივნისს სტუმრად დაგეგმილი ამხანაგური მატჩის გარდა, ბულგარეთისა და სერბეთის ნაკრებებთანაც ისპარინგებს.

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, ორივე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმება მიღწეულია და ქართველები ბულგარეთს 8 ივნისს ესტუმრებიან, ხოლო სერბეთს 5 სექტემბერს უმასპინძლებენ.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ახალი შესარჩევი ტურნირისთვის გუნდის მზადება წინას დასრულებისთანავე, გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო. განახლებული შემადგენლობით (მომავალ შესარჩევში თამაში 1996 წელს დაბადებულებს და უმცროსებს შეეძლებათ) გუნდმა ოქტომბერში საფრანგეთის ნაკრებთან ჰავრში გამართა პირველი ამხანაგური მატჩი და ძლიერ მეტოქესთან 1:5 დამარცხდა. ახალგაზრდულმა ნაკრებმა შემოდგომაზევე რამდენიმე თამაში ადგილობრივ კლუბებთანაც ჩაატარა, მიმდინარე წლის მარტში კი გეგუჩაძემ შეგირდები ისლანდიასთან შეხვედრებში გამოსცადა - ქართველებმა თბილისში გამართული ორი სპარინგიდან პირველი 3:1 მოიგეს, მეორე მატჩი კი ფრედ 4:4 დასრულდა.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევრო 2019-ის შესარჩევს 1 სექტემბერს, თბილისში, პოლონელ თანატოლებთან მატჩით გახსნის. ტურნირში პოლონელთა გარდა, გია გეგუჩაძის გუნდის მეტოქეები არიან: დანიის, ფინეთის, ლიტვისა და ფარერების ნაკრებები.

0.114832