ჭიდაობა

10:04 | 3.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

გუნდური გამარჯვება ოქროს გარეშე

ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა უნგრეთის ქალაქ სომბათჰეიში გამართულ 23-წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

საპრიზო სამეულები სულ რვა წონით კატეგორიაში შეივსო. საქართველოს ნაკრებს მონაწილე რვავე წონაში ჰყავდა და მათგან საუკეთესო შედეგი რამაზ ზოიძემ (71 კგ) და გელა ბოლქვაძემ (80 კგ) აჩვენეს - ორივე ფინალამდე მივიდა და ევროპის ჩემპიონის ტიტულამდე თითო გამარჯვება დააკლდათ.

დათო ჩხარტიშვილმა (59 კგ), ლაშა გობაძემ (85 კგ) და ზვიად პატარიძემ (130 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

საპრიზო სამეულს მიღმა დარჩნენ: ედნარ შავაძე (66 კგ), ბაკურ გოგოლი (75 კგ) და კუკური კირცხალია (98 კგ).

საერთო გუნდური ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 47 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ რუსეთს 2 ქულით გაუსწრო, ხოლო მესამეადგილოსან აზერბაიჯანს - 5 ქულით.

0.125636