ძიუდო

19:32 | 31.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისში ოქროებს ჯერ მხოლოდ ქართველი კაცები იგებენ

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ძიუდოისტთა სამდღიანი გრან პრის პირველი დღე საქართველოს ვაჟთა ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. საპრიზო სამეულები 60 და 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში შეივსო და პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ორივე წონაში ქართველები ავიდნენ - ოქროს მედლები ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) და ლაშა გიუნაშვილმა (66 კგ) მოიპოვეს.

უმსუბუქესი წონითი კატეგორიის საჩემპიონო ბრძოლაში ჩხვიმიანი თანაგუნდელს - ევროპის 2013 წლის ჩემპიონ ამირან პაპინაშვილს დაეჭიდა. განთესვის მიხედვით ფავორიტი პაპინაშვილი იყო, რომელსაც თბილისის გრან პრის განაცხადში მყოფ მსუბუქწონოსნებში საუკეთესო პირადი რეიტინგი ჰქონდა, მაგრამ... გრან პრიზე მეორე ადგილს დასჯერდა. ნაცნობ მეტოქეს ჩხვიმიანმა ორი ვაზარით აჯობა და ოქროს მედალთან ერთად 700 სარეიტინგო ქულაც მოიპოვა, რაც მსოფლიოს რეიტინგსიაში სავარაუდოდ 25 საფეხურით დააწინაურებს და პირველ ოცეულში შეიყვანს. პაპინაშვილს კი ვერცხლის პრიზიორობით გამომუშავებული 490 ქულა მოწინავე სამეულში დასაბრუნებლად მაინც ეყოფა.

ლუხუმ ჩხვიმიანი თბილისის გრან პრის ტრავმით შეხვდა. ამის გამო, ბოლო დღეებში, ზედმეტი წონა ვარჯიშის გარეშე დაიკლო და ალბათ ესეც იყო მძიმე სტარტის ერთ-ერთი მიზეზი – ბელგიელ ხორე ვერსტრაეტენს "ოქროს დროში” მოპოვებული გაფრთხილების უპირატესობით გასცდა.

მეორე წრიდან კი, მომავალი ჩემპიონი გაცილებით ეფექტურად აჭიდავდა და ფინალის გზაზე სამ მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა. აზერბაიჯანელ საჰიბ ასგაროვს 2 წუთში მოუმთავრა საქმე. მონღოლი ამარბოლდ ჯაგვარალდორჟი ორჯერ დააგდო ვაზარიზე, ხოლო უზბეკი მუხრიდინ ტილოვოვი მესამე დამატებულ წუთზე, მტკივნეული ილეთით დაამარცხა.

ამირან პაპინაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაება, ებრაელ ალონ რაჰიმასთან შეხვედრით. პირველსავე შეტევაზე მოპოვებულ ვაზარის, საფინალო გონგამდე ერთი ვაზარიც მიამატა და ზედმეტი ნერვიულობის გარეშე გავიდა მეოთხედფინალში, სადაც ასევე 2 ვაზარით აჯობა აზერბაიჯანელ მეჰმან სადიგოვს. ნახევარფინალში, რუსეთის ნაკრების წევრ ალბერტ ოგუზოვს ერთადერთი ვაზარი აართვა. ისიც "ოქროს დროში”. ძირითადი 4 წუთი კი უილეთოდ გაილია.

უმსუბუქეს წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით კონკურენციაში ჭაბუკთა შორის ევროპის და მსოფლიოს პრიზიორი, ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის – თბილისი 2015-ის ჩემპიონი, 17 წლის რობინზონ ბეგლარაშვილი და ახალგაზრდებს შორის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი (2008) გიორგი ბროლაშვილიც ჩაებნენ. ბეგლარაშვილმა ესტონელი მარკ ცირკინის 2 ვაზარით ძლევის შემდეგ, მერვედფინალში ბრაზილიელ ფელიპე პელიმთან გაფრთხილებით წააგო. ბროლაშვილი კი პირველსავე წრეში, ყაზახ ჟაკსიბეკ ჟენისბეკთან, მეოთხე წუთზე ვაზარიზე დაეცა და შეხვედრის სათავისოდ შესატრიალებლად ძალა და დრო აღარ ეყო.

ლაშა გიუნაშვილმა თბილისის გრან პრიმდე სამი კვირით ადრე, უმაღლესი რანგის კვარცხლბეკი ბაქოს გრანდ სლემზე "დააგემოვნა” – აზერბაიჯანულ ტატამზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართულ გრან პრიზე კი უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

24 წლის ქართველ ძიუდოისტს წილისყრისას არ გაუმართლა – ქვეჯგუფში აზიის მოქმედ ჩემპიონთან, პირველ ნომრად განთესილ მონღოლ ალტანსუხ დოვდონთან ერთად მოხვდა. მათი გზები მართლაც გადაიკვეთა მეოთხედფინალში. იქამდე გიუნაშვილი კოლუმბიელ ხორხე გონზალესსა და ბელგიელ იასპერ ლეფევერს დაეჭიდა და ორ-ორი ვაზარით გაუმასპინძლდა.

დოვდონთან შეხვედრა ლამის შვიდი წუთი გაგრძელდა. ვერცერთმა ძიუდოისტმა ილეთის გაკეთება ვერ შეძლო და ნახევარფინალის საგზურის ბედი ერთმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა, ლაშას სასარგებლოდ. ოღონდ ეს ის შემთხვევა ნამდვილად არ ყოფილა, როდესაც საკამათო სიტუაციაში მსაჯები მასპინძლის წამახალისებელ გადაწყვეტილებას იღებენ. ამარტუვშინ დოვდონი გადამწყვეტ შიდოს გაცილებით ადრე იმსახურებდა, მაგრამ მსაჯები მის პასიურობას ლამის ორი წუთი არ იმჩნევდნენ.

ნახევარფინალში ლაშა გიუნაშვილმა ბრაზილიელ ჩარლ ჩიბანას აჯობა, საფინალო გონგამდე 15 წამით ადრე აღებული ვაზარით. საჩემპიონო ბრძოლაში კი კიდევ ერთ მონღოლს – მეორე ნომრად განთესილ ტუმურხულეგ დავაადორჟს დაუპირისპირდა და ისიც დოვდონის გზას გაუყენა. საჭიდაო დროის ამოწურვამდე 6 წამით ადრე დავაადორჟს ვაზარის უპირატესობის შესანარჩუნებლად გაპასიურება საბედისწერო მესამე შიდოდ დაუჯდა. გიუნაშვილი კი გრან პრიზე პირველად გაჩემპიონდა.

66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ტატამზე თორნიკე ნაგლიაშვილი, შალვა გაზაშვილი და თორნიკე თათარაშვილიც გავიდნენ. ახალგაზრდებს შორის ევროპის 3-გზის პრიზიორი ნაგლიაშვილი პირველსავე წრეში, საფინალო გონგამდე 4 წამით ადრე დავარდა ბეჭებზე, ბრაზილიელ დანიელ კარნინისთან.

ახალგაზრდებს შორის საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა გაზაშვილმა უზბეკი შანდორ ნურილიევი მე-6 წუთზე დასცა იპონზე. მეორე წრეში კი წუთნახევარში წააგო ჩარლ ჩიბანასთან. საქართველოს 2-გზის ჩემპიონმა (2012 და 2015) თათარაშვილმა გრან პრი პორტუგალიელი დავიდ რეისის იპონით ძლევით გახსნა. ტუმურხულეგ დავაადორჟთან შეხვედრაში კი გაფრთხილებების ლიმიტი მე-3 წუთის ბოლოს ამოეწურა.

დღესვე, გრან პრის ჩემპიონ-პრიზიორები ქალთა სამ წონით კატეგორიაში – 48, 52 და 57 კილოგრამებში გათამაშდა. საქართველოს ქალთა ნაკრების ხუთი წევრიდან ოთხი ტატამზე ერთადერთხელ გავიდა.

ოლღა ალადოშვილი (48 კგ) ხელის მტკივნეული ილეთით დამარცხდა რუს მარია პერსიცკაიასთან. კადეტთა შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) სამჯერ დავარდა ვაზარიზე რუს ნატალია გოლომიდოვასთან, მარიამ ციხელაშვილი (57 კგ) – ორჯერ, მონღოლ ხულან ცერეგბაატართან. სალომე აბაშიძე (57 კგ) კი ჰოლანდიელმა მარგარიტ ბერგსტრამ წუთნახევარში შებოჭა.

დილის პროგრამაშივე გამოეთიშა შეჯიბრებას 21 წლის მარიამ ჯანაშვილიც (57 კგ). ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორმა (2015) მშვენივრად დაიწყო - პირველ წრეში ყაზახი ანა კაზიულინა ერთ წუთში შებოჭა, მაგრამ მეოთხედფინალში რუს ირინა ზაბლუდინასთან შეხვედრის დასაწყისშივე ვაზარით ჩამორჩა და ბრძოლის სათავისოდ შეტრიალება ვეღარ შეძლო. რეპეშაჟის ნახევარფინალში ჯანაშვილი გრან პრიზე მეორე ნომრად განთესილ ბულგარელ იველინა ილიევასთან შეხვედრაში, "ოქროს დროში” ვაზარიზე დავარდა და მე-7 ადგილს და 182 სარეიტინგო ქულას დასჯერდა.

ხვალ მედლების 4 კომპლექტი გათამაშდება. მამაკაცებში 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ხოლო ქალებში – 63 და 70 კილოგრამებში. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: გიგა გიგაური, ტატო გრიგალაშვილი, ფრიდონ გიგანი, ომარ ნიაზაშვილი (ოთხივე 73 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი, ამბაკო ავალიანი, კობა მჭედლიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი (ოთხივე 81 კგ), თეა სუხიტაშვილი და ნინო ოძელაშვილი (ორივე 70 კგ).

წინასწარი ეტაპის შეხვედრები დილის 11 საათზე დაიწყება.

გრან პრი

თბილისი

31 მარტი

ვაჟები

60 კგ

1 ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)

2 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

3 ფელიპე პელიმი (ბრაზილია)

3 ისლამ იაშუევი (რუსეთი)

66 კგ

1 ლაშა გიუნაშვილი (საქართველო)

2 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლეთი)

3 ჩარლ ჩიბანა (ბრაზილია)

3 იაკუბ შამილოვი (რუსეთი)

ქალები

48 კგ

1 სტეფანი არისა კოიამა (ბრაზილია)

2 მარინა ჩერნიაკი (უკრაინა)

3 მელანი კლემენი (საფრანგეთი)

3 მარია პერსიცკაია (რუსეთი)

52 კგ

1 ამანდინ ბუჩარი (საფრანგეთი)

2 ერიკა მირანდა (ბრაზილია)

3 ჟოანა რამოსი (პორტუგალია)

3 დარია სკრიპნიკი (ბელარუსი)

57 კგ

1 ირინა ზაბლუდინა (რუსეთი)

2 რაფაელა სილვა (ბრაზილია)

3 მარგარიტ ბერგსტრა (ჰოლანდია)

3 ნატალია გოლომიდოვა (რუსეთი)

7 მარიამ ჯანაშვილი (საქართველო)

0.113486