ფეხბურთი

15:10 | 31.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

უეფას ერთა ლიგა: შანსი საქართველოს ნაკრებს

უეფას ერთა ლიგაში 55 ევროპული ნაკრები ოთხ კალათაში, იგივე დივიზიონში გადანაწილდა. უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე ამის შესახებ უკვე გაჩნდა ინფორმაცია.

ჯერ გაგაცნობთ ოთხივე დივიზიონის შემადგენლობას, შემდგომ კი, აღნიშნულ თემაზე უფრო ვრცლად გიამბობთ.

A დივიზიონი: გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი, ინგლისი, შვეიცარია, იტალია, ხორვატია, პოლონეთი, ისლანდია, ბოსნია

B დივიზიონი: ირლანდია, რუსეთი, ავსტრია, შვედეთი, სლოვაკეთი, უელსი, უკრაინა, ჰოლანდია, ჩრდ. ირლანდია, ჩეხეთი, თურქეთი, უნგრეთი

C დივიზიონი: საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვენია, ისრაელი, სერბეთი, დანია, ბულგარეთი, ალბანეთი, შოტლანდია, მონტენეგრო, ნორვეგია, ლიტვა, აზერბაიჯანი, კვიპროსი, სომხეთი

D დივიზიონი: ესტონეთი, ფინეთი, ბელარუსი, საქართველო, ფარერები, ლატვია, მაკედონია, ყაზახეთი, მოლდოვა, ლუქსემბურგი, ლიხტენშტაინი, კოსოვო, მალტა, ანდორა, სან მარინო, გიბრალტარი

განმარტება: რუსეთი და უკრაინა ერთ დივიზიონში არიან, მაგრამ წილისყრისას ერთ ქვეჯგუფში ვერ მოხვდებიან. იგივე ითქმის აზერბაიჯანსა და სომხეთზე.

თავდაპირველად გეტყვით, რომ დივიზიონებში გუნდები არა ფიფას, არამედ უეფას რეიტინგით გადანაწილდნენ. საგულისხმოა, რომ ეს არაა დივიზიონების საბოლოო სახე, რომელიც, შესაძლოა, შეიცვალოს ნაკრებების რეიტინგში ცვლილებებთან ერთად. საბოლოო სახეს კი, ერთა ლიგა 2017 წლის ნოემბერში მიიღებს, როდესაც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დასრულდება.

რა არის ერთა ლიგა?

ერთა ლიგა ახალი ხილია და პირველად ჩატარდება. როგორც ხედავთ, ნაკრებები ოთხ დივიზიონში გადანაწილნენ, საიდანაც ქვეჯგუფებში დაიყოფიან. A და B დივიზიონში 12-12 ეროვნული ნაკრებია და ისინი 4-4 სამგუნდიან ჯგუფს შექმნიან. C დივიზიონის 15 ნაკრებისგან შეიქმნება ერთი სამგუნდიანი და სამი ოთხგუნდიანი ქვეჯგუფი, ხოლო რაც შეეხება ჩვენთვის ყველაზე საინტერესო D დივიზიონს, მასში 16 ნაკრებია და ისინი საბოლოოდ 4 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან.

ერთა ლიგა სტარტს 2018 წლის სექტემბერში აიღებს, ხოლო ფინალური ეტაპი 2019 წლის ივნისში გაიმართება.

ფინალური ეტაპის ფორმატი

რაც შეეხება მთავარ ეტაპს, მასში მონაწილეობას ის ნაკრებები მიიღებენ, რომლებიც თავიანთ ქვეჯგუფებში პირველ ადგილზე გავლენ. მაგალითად, A დივიზიონის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულისგან შეიქმნება ერთი ოთხგუნდიანი ქვეჯგუფი და მისი გამარჯვებული ავტომატურად მიიღებს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საგზურს. ანალოგიურად - დარჩენილ სამ დივიზიონშიც, და შესაბამისად, მივიღებთ ოთხ ნაკრებს, რომელიც ერთა ლიგის მეშვეობით ევრო 2020-ის საგზურს მოიპოვებს.

რაც შეეხება საკვალიფიკაციო ეტაპს, ის ჩვეულად გაიმართება და ევროპის ჩემპიონატის საგზურებს ქვეჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები მოიპოვებენ.

ცალსახაა, ეს შანსია საქართველოს ნაკრებისთვის. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი მდგომარეობით D დივიზიონში გამარჯვება (რაც ევროპის ჩემპიონატის საგზურის მომტანი იქნება), უტოპიად სულაც არ უნდა სჩანდეს...

0.117914