საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია ლატვიასთან მოგებული (5:0) შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს ესაუბრა და ნახსენებ მატჩზე ისაუბრა.
“ბატეს” ფეხბურთელი ნაკრების თამაშით კმაყოფილი იყო და აღნიშნა, რომ ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი მატჩის სურათს მთლიანად ასახავს:
- მთელი მატჩის განმალობაში ვდომინირებდით და ლამაზი თამაში ვაჩვენეთ. ვფიქრობ, დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ და ანგარიში ყველაფერს ასახავს.
- რამდენად უნდა გვქონდეს ამ მუხტის შენარჩუნების იმედი და ოფიციალურ მატჩებშიც თუ შევძლებთ წარმატებით თამაშს?
- ჩვენ ყველა მატჩში მოსაგებად გამოვდივართ და არ აქვს მნიშვნელობა ვის ვეთამაშებით. საჭიროა, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, გულშემატკივრების დახმარება გვჭირდება და ერთიანი ძალით ყველაფერი უკეთესად გამოვა.
- პირველ ტაიმში ტრავმის გამო შეგცვალეს?
- დიახ, იმედი მაქვს სერიოზული არაფერია. მუხლი ოდნავ მაწუხებს, თუმცა ექიმები მეუბნებიან, რომ სერიოზული დაზიანება არაა. გამოკვლევა ჩამიტარდება და ყველაფერი გამოჩნდება.
- “ბატეში” რა ხდება? ზაფხულში თუ გექნება კარგი შემოთავაზება, დაფიქრდები კლუბის შეცვლაზე?
- ბელარუსის ჩემპიონატი 1 აპრილს იწყება და ახლა მთლიანად “ბატეზე” ვარ კონცენტრირებული. თუმცა, ზაფხულში კარგი წინადადება თუ მივიღე, აუცილებლად განვიხილავ და ვნახოთ რა მოხდება.
- ამ მომენტში არსებული ვითარებით, რა არის საქართველოს ნაკრების მიზანი შესარჩევში?
- ჩვენი მიზანია, ყველა თამაშში მოგებისთვის ბრძოლა და გულშემატკივრების გახარება.