ფეხბურთი

19:47 | 27.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდიას ვან გაალი ისევ დასჭირდა

ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციას სურს, რომ ეროვნულ გუნდში ლუის ვან გაალი დაბრუნდეს, რომელმაც 2014 წელს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოაგებინა.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბულგარეთთან განცდილი მარცხის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დენი ბლინდი დაითხოვეს და ფედერაციის ხელმძღვანელობამ მისი შემცვლელის ძიება დაიწყო.

ამ დროისთვის ნაკრების გაწვრთნა ბლინდის ასისტენტის, ფრედ გრიმის პრეროგატივაა, თუმცა ივნისში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩები გაიმართება და ძნელად სავარაუდოა იმ დროისთვის გრიმი ისევ ამ თანამდებობაზე იყოს.

De Telegraaf-ის ცნობით, მთავარი მწვრთნელის მრჩეველის პოსტზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია ვან გაალთან, რომელიც ცოტა ხნის წინ „პენსიაზე გავიდა“.

„ჩვენ გვყავს გუნდის ტექნიკური დირექტორი, თუმცა გვჭირდება ექსპერტები, რომლებიც ეროვნულ გუნდს რჩევებით დაეხმარებიან. ამ კუთხით ლუის ვან გაალის გამოცდილება ფასდაუდებელია. მთავარი მწვრთნელის შერჩევა ერთ დღესა და ერთ კვირაში ვერ მოხერხდება. ახლა ვადგენთ სიას, სადაც ჰოლანდიელ სპეციალისტებთან ერთად უცხოელებიც იქნებიან. ერთ-ერთი სასურველი კანდიდატი რონალდ კუმანია, თუმცა მას კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და დიდი გეგმები აქვს“ - განაცხადა ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის დირექტორმა ჟან პოლ დეკოსომ.

0.111931