“მანჩესტერ სიტის” ვინგერი ხესუს ნავასი შესაძლოა, მშობლიურ “სევილიაში” დაბრუნდეს. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Football Espana ავრცელებს.
31 წლის ფეხბურთელს “ქალაქელებთან” მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და დიდი ალბათობით, მისი გახანგრძლივება არ მოხდება. შესაბამისად, ის თავისუფალი აგენტი გახდება და ახალ კლუბს უფასოდ შეუერთდება.
როგორც ზემოთ აღნიშნული წყარო იუწყება, ნავასის დაბრუნება “სევილიას” ხელმძღვანელობასაც სურს და მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არიან.
ნავასი ”სევილიას” აღზრდილია და ანდალუსიური კლუბის ძირითად გუნდში 2003-2013 წლებში თამაშობდა, სადაც 391 შეხვედრა ჩაატარა. ხესუსი “სიტიში” 2013 წელს გადავიდა და მალევე გუნდისთვის საჭირო მოთამაშედ იქცა, თუმცა ხოსეპ გვარდიოლას მოსვლის შემდგომ ეს როლი დაკარგა. მან მიმდინარე სეზონში 26 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 90 წუთი მხოლოდ 7 შეხვედრაში ითამაშა.