ლუკას პოდოლსკიმ სანაკრებო კარიერა ოფიციალურად დაასრულა. 31 წლის ფორვარდი უკეთეს დასასრულს ვერც ინატრებდა – დორტმუნდში, “სიგნალ იდუნა პარკზე” ბუნდესნაკრებს პოლდი კაპიტნობდა ინგლისელებთან ამხანაგურ შეხვედრაში და მეორე ტაიმში მატჩის ერთადერთი გოლიც გაიტანა – ლუკას პოდოლსკიმ 13 წლიან დაუვიწყარ ისტორიას წერტილი საბოლოოდ დაუსვა.
“მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ 13 წლისთვის. ეს იყო მართლაც წარმოუდგენელი რამ, მოედანზე თუ მოედნის მიღმა. თქვენ, გულშემატკივრებს ფუნდამენტური როლი გქონდათ ყველაფერში”, - თქვა პოდოლსკიმ.
ლუკას პოდოლსკი გერმანიის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2004 წლიდან მოყოლებული იცავდა და ამ დროის განმავლობაში 130 თამაშში 49 გოლის გატანა შეძლო. 2014 წელს ლუკასი მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა ბუნდესნაკრების რიგებში.