24 მარტს საქართველო-სერბეთის მატჩს გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი იქნება ფელიქს ცვაიერი.
35 წლის ცვაიერმა საერთაშორისო მატჩში ბოლოს 9 მარტს როსტოვში იმსაჯა: "როსტოვი"-"მანჩესტერ იუნაიტედი" 1:1. სანაკრებო შეხვედრას ბოლოს 2016 წლის სექტემბერში გაუძღვა: კვიპროსი-ბელგია 0:3.
ცვაიერს არასოდეს უმსაჯია საქართველოს ნაკრების, ან თუნდაც ქართული გუნდების მატჩი.
ფელიქს ცვაიერის შარშანდელი ამბავი: "ლევერკუზენი" -"დორტმუნდის" თამაშის დროს მასპინძელთა მწვრთნელი როჯერ შმიდტი გააძევა, თუმცა შმიდტი ჯიუტად არ მოსცილდა სათადარიგოთა სკამს... ცვაიერი თანამსაჯებთან ერთად შევიდა გვირაბში - სანამ შმიდტი არ გავა, თამაშს არ გავაგრძელებო. საბოლოოდ, მწვრთნელი მაინც მოლბა და ცვაიერს "დაუჯერა". მატჩი 10 წუთით შეწყვეტილი იყო.