ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” შინ “ორლანდო” 122:92 გაანადგურა. ზაზამ მიმდინარე სეზონში და “მეომრების” მაისურით მეოთხე ორმაგი დუბლი მიითვალა. ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 21 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 10 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. მან 8-დან 5 ორქულიანი ჩააგდო. ფაჩულია ერთადერთი კალათბურთელია, ვინც მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “მეომრებმა” პირველივე პერიოდში დიდი უპირატესობა მოიპოვეს, რომლის აღმოფხვრაც “ორლანდომ” ვეღარ მოახერხა, ხოლო “ოქროსშტატელებმა” თავისი უპირატესობა უფრო მეტად გაზარდეს.
მატჩში ყველაზე მეტი, 29 ქულა კლეი ტომპსონის ანგარიშზეა, სტეფ კარიმ 25 ქულა დააგროვა.
“გოლდენ სტეიტი” 54 მოგებითა და 14 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს, მეორე ადგილს “სან ანტონიო” იკავებს 52 მოგებით. მომდევნო მატჩში ოკლენდელები შინ “მილუოკის” დაუპირისპირდებიან, მატჩი 19 მარტს თბილისის დროით 6:30 საათზე დაიწყება.