რუსეთის საკურორტო ქალაქ ანაპაში, სტარტი აიღო ტრადიციულმა საერთაშორისო ტურნირმა კრივში ახალგაზრდებს შორის. ნიკოლაი პავლუკის სახელობის პირველობაზე, რომელიც ამჯერად 1999-2000 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის ტარდება, 14 სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეთა შორის ქართველი მოკრივეებიც გამოდიან.
ტურნირის სტარტზე, თავისი შეხვედრები უკვე გამართეს 56 კილოგრამ წონით კატეგორიაში მონაწილე გია თოთლაძემ და 69-ში მოასპარეზე ისლამ მადიევმა. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის ორივე წარმომადგენელი ტურნირს პირველივე ბრძოლის შემდეგ გამოეთიშა. გორელი თოთლაძე, რუს ედუარდ სავინთან დაძაბულ ბრძოლაში 3-2 დამარცხდა, ხოლო თბილისელ მადიევს ბელორუსმა პაველ მიხალუკმა 5-0 მოუგო.
შეჯიბრებაზე დღეს 49 კილოგრამში, თბილისელი სახილ ალახვერდოვი რუს მაქსიმ ზაიცევს შეხვდება. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მონაწილე მარნეულელი ოთარ ნავერიანის მეტოქე, ირლანდიელი ჯეიმს კოუგლანი იქნება, ფოთელი ბადრი ხუციშვილი, რომელიც 64 კგ-ში გამოდის, მალტელ მიქაელ კაუჩის დაუპირისპირდება, ხოლო 91 კილოში ახალქალაქელ არტიომ იორდანიანს, კიდევ ერთი მასპინძელი ალექსეი ზობნინი შეხვდება.
ჩვენი ნაკრები, ერთი თვის წინ მარნეულში ჩატარებული საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული მოკრივეებითაა დაკომპლექტებული.
ანაპაში მიმდინარე პირველობა 20 მარტს დასრულდება. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების პარალელურად, ჩვენი 22 წლამდე მოკრივეთა ნაკრები რუმინეთში ევროპის ასაკობრივ პირველობაზე გამოდის.
საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური