დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეთექვსმეტედფინალები იმართება. რამდენიმე მატჩი დასრულდა. ერთადერთი წყვილი, რომელშიც ეროვნული ლიგის წარმოადგენლები ხვდებოდნენ ერთმანეთს - ფოთის "კოლხეთი-1913"- ბათუმის "დინამო". ფოთელებმა მოიგეს, გოლი კი 67-ე წუთზე უკრაინელმა ფორვარდმა მიკოლა კოვტალიუკმა გაიტანა.
თბილისის "დინამომ" ლიგა3-ის წარმომადგენელ მარნეულის "ალგეთს" სტუმრად 2:0 მოუგო. ორივე ბურთი ბაჩანა არაბულმა გაიტანა.
იოლად იმარჯვა საჩხერის "ჩიხურამ", რომელმაც რანგით მეოთხელიგელ "ლესიჭინეს" სტუმრად 7:0 სძლია. ჰეთ-თრიქი მიითვალა დიმიტრი ტატანაშვილმა, თითო-თითო გოლი კი ბაქარ მირცხულავამ, თორნიკე გორგიაშვილმა, გიორგი გაბედავამ და მიხეილ სარდალიშვილმა გაიტანეს.
ბოლნისის "სიონმა" სტუმრად 3:1 სძლია წალენჯიხის "სქურს". ბოლნისელთაგან ორი გოლი შეაგდო ენვერ ლილუაშვილმა, ერთი კი - ივანე ხაბელაშვილმა. "სქურიდან" ბოლო წუთზე გიორგი სალიამ გაიტანა.
გორის "დილამ" წყალტუბოს "სამგურალი-2"-ს 4:0 აჯობა. თენგო წიქარიძემ სამჯერ გაიტანა, ხოლო ერთი ბურთი თორნიკე კაკუშაძემ საკუთარ კარში მიითვალა.
ქუთაისის "ტორპედომ" ნიკა საბანაძისა და გიორგი ქიმაძის გოლებით 2:0 მოუგო თერჯოლის "საპოვნელას".
საგარეჯოს "გარეჯმა" შინ 0:1 წააგო ხონის "იმერეთთან". ყველაფერი 90-ე წუთზე გიორგი თევდორაძის დარტყმამ გადაწყვიტა.
უფრო ადრე გაიმართა ორი მატჩი და უკვე ვწერდით: "გაგრამ" ტყიბულის "მეშახტეს" 2:0 მოუგო, ხოლო თბილისის "ლოკომოტივი" "ნორჩ დინამოსთან" რუსთავში 0:1 დამარცხდა.
ყველა მერვედფინალისტი დღეს გაირკვევა. რამდენიმე მატჩი ამჯამად მიმდინარეობს, ყველაზე გვიან კი, 19:00 საათზე "შევარდენი1906"-"საბურთალო" დაიწყება.