ფეხბურთი

21:20 | 12.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მეორე ტური: სანამ სეზონი გახურებულა

გამორჩეული სეზონი გველის წინ. ფავორიტის გარეშე... ბოლო წლებში ფავორიტი მუდამ თბილისის "დინამო" იყო, ახლა კი ვითარება შეცვლილია. ვერც გამოკვეთილ აუტსაიდერს დაასახელებ. ამიტომაც, წინ კიდევ საინტერესო 34 ტურია. სეზონი ჯერ ხომ არც გახურებულა.

ეროვნული ლიგის მეორე ტურში მხოლოდ 8 გოლი გავიდა. პირველი ტური კიდევ უფრო მწირგოლიანი (7) გამოდგა. კვირა დღეს გამართულ შეხვედრებში 6 გოლი გავიდა და ექვსივე მეორე ტაიმში. ჯერ რა დროს ბომბარდირებზე საუბარია, მაგრამ 2-2 გოლი "ლოკომოტივის" ფორვარდ ირაკლი სიხარულიძესა და "კოლხეთის" ნახევარმცველ გიორგი ჯანელიძეს აქვთ გატანილი.

ტურის საუკეთესო გოლად უნდა მივიჩნიოთ "ჩიხურას" მარჯვენაფლანგელის, გიორგი კორიფაძის გატანილი ჩემპიონ "სამტრედიას" კარში. კორიფაძეს ფლანგზე გააყოლეს ბურთი, მანაც შორეულ კუთხეში აჭრა და მეკარე ომან მიგინეიშვილმა რეაგირებაც ვერ მოახდინა. თანაც, კორიფაძის ეს გოლი გადამწყვეტი გამოდგა.

აღმოჩენა იყო "კოლხეთის" სენეგალელი ნახევარმცველი არფანგ დაფე: "საბურთალოსთან" ლამაზი გოლი გაიტანა, საგოლე პასი გაახერხა და საერთოდაც, ბევრი პრობლემა შეუქმნა სტუმრებს. სისწრაფესთან ერთად, კარგი დარტყმითაც გამოირჩევა. 25 წლისაა, ერთ დროს მადრიდის "ატლეტიკოს" დუბლებში გახლდათ...

ლეგიონერებმა თავიანთი სიტყვა თქვეს ამ ტურში. დაფეზე ვთქვით, ბათუმის "დინამოს" უკრაინელმა შემტევმა იაროსლავ კვასოვს "დილას" ბოლო წუთებზე გაუტანა და 1:0 მოაგებინა ზღვისპირელებს. ნოდარ ქავთარაძე ("ლოკომოტივი") რუსეთის მოქალაქეა და თბილისის "დინამოსთან" დერბიში შეაგდო გადამწყვეტი.

ერთადერთი გუნდი, რომელსაც ჯერ გოლი არ გაუშვია, "ჩიხურაა", ხოლო "დილა" პირიქით - არ გაუტანია. ტურში ერთი ფეხბურთელი გააძევეს: ზურაბ არზიანი ("საბურთალო"), თანაც, პირველივე ტაიმში. წინა ტურშიც გააძევეს ერთი კაცი: "შუქურას" ნახევარმცველი ჯეფინიო.

0.116141