საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიანა უელსის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში მეთიუ ებდენი 6:4, 6:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე ერნესტს გულბისსა და ალექსანდერ ბუბლიკს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ბასილაშვილი შესარჩევი ეტაპის პირველი ნომერია და შეხვედრა იოლად მოიგო. მიმდინარე სეზონში ქართველმა ავსტრალიელს უკვე მეორედ სძლია, პირველად მეტოქე მემფისის ტურნირზე დაამარცხა და საბოლოოდ ურთიერთშეხვედრებში ნიკოლოზი 2:1 დაწინაურდა.
განვლილი მატჩი საათსა და 11 წუთს გაგრძელდა და პირველ სეტში ებდენმა ბასილაშვილს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა ვერაფერს გახდა. მსოფლიოს 55-ე ჩოგანმა ზედიზედ ორი ბრეიკი შეასრულა და 4:1 დაწინაურდა, თუმცა მატჩში პირველად და უკანასკნელად დათმო მოწოდება და მეთიუს იმედი მიეცა. ნიკოლოზი არ გატყდა და სეტი სათავისოდ 6:4 დააფიქსირა. მეორე სეტში ქართველმა მსოფლიოს 353-ე ნომერი მესამე და მეხუთე გეიმებზე დააბრეიკა და იოლად 6:2 მოიგო.
ინდიანა უელსის მასტერსისი საპრიზო თანხა 6, 993, 450 დოლარია. ბასილაშვილმა აღნიშნული მატჩის მოგებით 8 სარეიტინგო ქულა და 4, 075 დოლარი გამოიმუშავა.