სხვა

10:23 | 6.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი მეძმარიაშვილი: “ბევრ დარღვევაზეა საუბარი და სასამართლომ ერთი მაინც რომ დააკმაყოფილოს, საკმარისი იქნება”
სეოკ-ის ორი მხარე: სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნები გასული წლის 23 დეკემბერს ჩატარდა. მოგეხსენებათ, კანდიდატი ორი იყო: ლერი ხაბელოვი და ირაკლი მეძმარიაშვილი. გამარჯვება წილად ხვდა ხაბელოვს, რომელმაც დელეგატთა ხმების უმრავლესობა მიიღო. თუმცა, 24 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო შუალედური გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არჩევნების შედეგი არალეგიტიმურად სცნო.

ირაკლი მეძმარიაშვილისა და მისი გუნდის თქმით, არჩევნები არაკანონიერად ჩატარდა და მიზეზებიც დასახელდა. როგორც მეძმარიაშვილის მხარე ამბობს, საპრეზიდენტო არჩევნებში 136 ხმა დაფიქსირდა, მაგრამ რეალურად კენჭისყრას 135 ადამიანი ესწრებოდა. მათივე თქმით, 12 რეგიონალური ორგანიზაციიდან 8 არასწორად იყო დარეგისტრირებული, სამს გამგეობა არ ჰყავდა და რეგიონალურ ორგანიზაციად არ იყო აღიარებული.

აღნიშნული ინფორმაცია ჩვენ ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ზაზა ხეჩუაშვილმა დაგვიდასტურა:

“არის რიგი ორგანიზაციები, რომელთაც არ აქვთ გავლილი რეგისტრაცია. ზოგი არის დარეგისტრირებული, მაგრამ არასრულფასოვნად – ზოგიც წესდებაში სხვა სახელით მოიხსენიება და სხვა სახელით აქვს რეგისტრაცია გავლილი. გარდა ამისა, რამდენიმე ორგანიზაცია 15 დეკემბერს დარეგისტრირდა... არჩევნებამდე სულ რაღაც 8 დღით ადრე”, - გვითხრა ხეჩუაშვილმა.

სეოკ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა და 24 იანვარს მიღებული შუალედური გადაწყვეტილება 14 თებერვალს გააუქმა. შესაბამისად, 23 დეკემბრის არჩევნები ისევ ლეგიტიმურად იქნა აღიარებული.

ირაკლი მეძმარიაშვილსა და მის გუნდს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში შეეძლო, თუმცა ამაზე უარი თქვეს. როგორც ხეჩუაშვილმა განგვიმარტა, ელოდებიან პროცესების დაწყებას:

“არ გვინდა მოვლენებს წინ გავუსწროთ სასამართლომდე – ჩვენ სასამართლოში საჩივარი გვაქვს შეტანილი 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით. დარწმუნებულები ვართ, რომ სასამართლო მიიღებს მართებულ გადაწყვეტილებას და არჩევნები ხელახლა დაინიშნება”, - აღნიშნა ხეჩუაშვილმა.

აღნიშნულ თემაზე საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილიც გვესაუბრა:

“ჯერ ადრეა ყველაფერზე საუბარი – სასამართლო მოსმენა დანიშნულია და რა იქნება, პროცესის შემდეგ ვნახავთ. ჯერჯერობით კი, ასე ვხედავ: გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო დამოუკიდებელია, გვჯერა, მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც სამართლიანია და რომელსაც ჩვენ ვითხოვთ. საკმაოდ ბევრ დარღვევაზეა საუბარი და ერთი მაინც რომ დააკმაყოფილოს, საკმარისი იქნება. რაც შეეხება დარღვევებს, ახლა თავს შევიკავებ დაკონკრეტებისგან, მაგრამ გეტყვით, რომ მრავლადაა და რაც უფრო ჩაუღრმავდებიან თემას, მით მეტი გამოჩნდება – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა.

აქვე მინდა განვმარტო: 24 იანვარს, სასამართლომ დროებით შეაჩერა 23 დეკემბრის არჩევნების შედეგები, ხოლო 14 თებერვალს გააუქმა ეს გადაწყვეტილება. ეს იყო ჩვენი მოთხოვნით დროებითი გადაწყვეტილება, რომელიც დაკმაყოფილდა და შემდეგ მისი გაუქმება ჩვეულებრივი მოვლენა იყო”, - განაცხადა worldsport.ge-სთან საუბარში მეძმარიაშვილმა.

მოკლედ, დავა გრძელდება და ყველაფერი შესაძლოა, 16 მარტს გადაწყდეს. სწორედ ამ დღესაა ჩანიშნული სასამართლო პროცესი.

რაღა თქმა უნდა, გვსურდა მეორე მხარესთანაც გვესაუბრა აღნიშნულ საკითხზე, თუმცა, სეოკ-ის მოქმედმა ხელმძღვანელობამ კომენტარზე უარი თქვა. როგორც პრესსამსახურში განგვიცხადეს, ამის შესახებ მედიასთან ლერი ხაბელოვი და მისი გუნდი ზემოხსენებული პროცესის, 16 მარტის შემდგომ ისაუბრებს.

ფაქტია, რომ 2016 წლის 23 დეკემბერს ჩატარებული არჩევნების მიმართ კითხვები გაჩნდა და დავა გრძელდება. ვინ და რომელი მხარეა სინამდვილეში მართალი, სასამართლო დარბაზში გადაწყდება...

0.116091