მიმდინარე ჩემპიონატის მე-20 ტურის მესამე შეხვედრაში ერთმანეთს ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი „მგზავრები“ და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ქუთაისი“ დაუპირისპირდნენ, რომელიც სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. ქუთათურები ამ სეზონს კარგად ატარებენ და რეგულარული ჩემპიონატის მეორე ადგილზე რომ არაფერი ვთქვათ, რომელიც თითქმის განაღდებული აქვთ, ამ სეზონში ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალის მოგებაც მოახერხეს.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე ფავორიტად „ქუთაისი“ ითვლებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და პირველი მეოთხედი 9 ქულის სხვაობით 20:11 მოიგეს. მეორე მეოთხედმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა და ქუთათურებმა შეძლეს პირველ მეოთხედში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება.
პირველი ტაიმის საპირისპიროდ ჩაიარა მეორე ნახევარმა. ამჯერად უპირატესობას მასპინძელი „მგზავრები“ დაეუფლა. ჯერ გაათანაბრეს ანგარიში, შემდეგ წინ გასვლაც მოახერეს და დამაჯერებელი ანგარიშით 13 ქულით 88:75 შეძლეს მეტოქის დამარცხება.
ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი 19 ქულა „მგზავრების“ უკანახაზელმა ოთო ფხაკაძემ დააგროვა, რომელსაც მისი თანაგუნდელი კაჰიმ რენსომი ერთი ქულით ჩამორჩა. მათმა თანაგუნდელმა რეჯინალდ მერფიმ კი 13 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. სტუმართა შორის 14 ქულით ყველაზე შედეგიანი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, უკანახაზელი გიორგი ცინცაძე იყო.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ჩემპიონატის მე-18 ტურში „მგზავრებმა“ ერთპიროვნული ლიდერი „დინამო“ დაამარცხეს, რომლისთვისაც ეს წაგება პირველი იყო ამ სეზონში. ამჯერად კი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს მოუგეს. აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ „მგზავრები“ სასურველ ფორმაში შევიდნენ და თუ ასე გააგრძელეს სუპერლიგის დატოვება ნამდვილად აღარ ემუქრებათ.
ამჯერად მიმდინარეობს ტურის ბოლო შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ერთ-ერთი აუტსაიდერი „ოლიმპი“ და „კაკტუსი“ ხვდებიან.
მგზავრები - ქუთაისი 88:75 (11:20, 26:26, 25:19, 26:10)