ჩოგბურთი

11:41 | 5.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოულოდნელი შედეგი: ქუერიმ ნადალს შანსი არ დაუტოვა

აკაპულკოში გამართულ მექსიკის ღია ტურნირზე მსოფლიოს რეიტინგის ტოპ-10-ის 5 ჩოგბურთელი თამაშობდა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვებული სემ ქუერი გახდა. ამერიკელმა ერთ-ერთი ლიდერი რაფაელ ნადალი იოლად 6:3, 7:6 დაამარცხა და ოცნება აიხდინა.

მექსიკის ტურნირის 24-წლიანი არსებობის ისტორიაში ქუერი გახდა პირველი ამერიკელი ჩოგბურთელი, რომელმაც აღნიშნული ტურნირი მოიგო. სემმა პირველად მოუგო ნადალს და ურთიერთშეხვედრებში ჩამორჩენა სამამდე დაიყვანა (1:4). წაგებით ნადალმა ტრადიცია დაარღვია, ესპანელს ტურნირი 2005 და 2013 წლებში ჰქონდა მოგებული (14:0), თან ისე რომ ერთი სეტიც არ ჰქონდა წაგებული.

მსოფლიოს მე-40 ჩოგანმა კარიერაში ATP-ის მეცხრე ტურნირი მოიგო, ხოლო 500 ქულიანი ჩემპიონატი, 2010 წელს მემფისში ტრიუმფის შემდეგ მეორეა. ქუერის რთული ბადე შეხვდა და გზიდან ჩამოიშორა მეხუთე ნომრად განთესილი დავიდ გოფინი, მეოთხე ნომერი დომინიკ ტიმი და ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩის დამმარცხებელი ნიკ კირგიოსი. გასულ წელს სერბთან ქუერიმ უიმბლდონის მესამე წრეში წააგო და მას შემდეგ ტოპ20-ის ჩოგბურთელებთან 7 წაგება და არცერთი მოგება ჰქონდა, მაგრამ ამ კვირაში ზედიზედ 5 ჩოგბურთელს მოუგო. შედეგად, განახლებულ რეიტინგს სემი 26-ე ადგილზე შეხვდება, რაც 2013 წლის აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი შედეგი იქნება.

ნადალი კი ცდილობდა 70-ე ტურნირი მოეგო და ამ მაჩვენებლით გახდებოდა მეხუთე ჩოგბურთელი ჯიმი კონორსის (109), ივან ლენდლის (94), როჯერ ფედერერის (89) და ჯონ მაკენროის (77) შემდეგ, რომელმაც მინიმუმ 70 ჩემპიონატი მოიგო. 2014 წელს ყატარის ღია ტურნირის მოგების შემდეგ, ნადალი პირველად მოიგებდა ჰარდზე გამართულ შეჯიბრებას, თუმცა არ დასცალდა.

განვლილ შეხვედრაში კი ქუერიმ კარგად ითამაშა და პირველ სეტის მერვე გეიმზე მეტოქე ისე დააბრეიკა, ნადალს თავისი მოწოდებიდან ქულაც კი არ აუღია. მეორე სეტში მეტოქეებმა დიდი ბრძოლა მეორე, მესამე და მერვე გეიმებზე გამართეს, თუმცა ბრეიკი არ განხორციელდა. საჩოგბურთო ლატარეაში კი ამერიკელმა ორი ბრეიკი შეასრულა და ტაი-ბრეიკი 7:3 მოიგო. ამერიკელმა შეხვედრაში 19 ეისი შეასრულა, ხოლო ნადალმა - 1. მეორე სეტში კი ქუერიმ 13-ჯერ შეძლო აუღებელი დარტყმის განხორციელება.

ორივე ჩოგბურთელი ამერიკაში გადაინაცვლებს, სადაც ინდიანა უელსის და მაიამის მასტერსებზე იასპარეზებენ.

0.153601