ფეხბურთი

15:36 | 4.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" VS "პორტუ" - სტატისტიკა, ფაქტები, ისტორია

ტურინის “იუვენტუსი” “პორტუსთან” წყვილში ისედაც უდავო ფავორიტი იყო და ახლა, როდესაც სტუმრად 2:0 აქვს მოგებული, ხომ საერთოდ. იტალიელები საპასუხო თამაშს შინ ატარებენ, სადაც ევროსარბიელზე უკვე 20 მატჩია არ წაუგიათ. ბოლოს ასეთი რამ 2013 წლის აპრილში მოხდა.

აღსანიშნავია, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის დაარსების დღიდან ორადორი შემთხვევა იყო, როდესაც შემდეგ ეტაპზე ის გუნდი გავიდა, რომელმაც პირველი თამაში საკუთარ მოედანზე წააგო – 1995-1996 წლების სეზონში “აიაქსი” შინ 0:1 დამარცხდა “პანათინაიკოსთან”, მაგრამ სტუმრად 3:0 მოიგო და ფინალში გავიდა, ხოლო 2010-2011 წლების სეზონის მერვედფინალში, “ინტერმა” “სან სიროზე” “ბაიერნთან” 0:1 წააგო, მიუნხენში კი, 3:2 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გააღწია.

საერთოდ, 2:0 ევროტურნირების პლეი-ოფში 339-ჯერ დაფიქსირებულა – შემდეგ ეტაპზე 330 შემთხვევაში (97.3%) ის გუნდები გავიდნენ, რომლებმაც მეორე თამაში საკუთარ მოედანზე ჩაატარეს, ხოლო მხოლოდ ცხრაჯერ (2.7%) ის გუნდები, რომლებმაც მეორე სტუმრად ჩაატარეს.

რაღა თქმა უნდა, WORLDSPORT.GE “იუვენტუსისა” და “პორტუს” მატჩის წინასამატჩო პერიპეტიებზე დაწვრილებით თამაშის კონკრეტულ დღეს ისაუბრებს, მაგრამ მანამდე გავეცნოთ საინტერესო ფაქტებს, დეტალებს, სტატისტიკურ მონაცემებსა და ურთიერშეხვედრების ისტორიას.

ურთიერთშეხვედრები

აქამდე ტურინში, “იუვენტუსი” “პორტუს” თამაში ერთადერთხელ გამართულა. 2001-2002 წლების სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე – მაშინ, მასპინძლებმა 3:1 მოიგეს.

2001 წლის 23 ოქტომბერს, “დელე ალპიზე” გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

“იუვენტუსი”: ბუფონი, ტურამი, მონტერო, ტუდორი, პარამატი, ძამბროტა (ძენონი 72), ტაკინარდი, ნედვედი, დავიდსი (ბირინდელი 88), ტრეზეგე, დელ პიერო (მარესკა 76)

“პორტუ”: ოვჩინიკოვი, რიკარდო კარვალიო, ანდრადე, იბარა (ჟუნიორი 75), სილვა, სოდერტრომი, კოშტინია, დეკუ (რაფაელი 67), კაპუჩო (ალენიჩევი 77), კლეიტონი (პოშტიგა 61), პენა

მარჩელო ლიპის გუნდმა აღნიშნული შეხვედრა ალესანდრო დელ პიეროს, პაოლო მონტეროსა და დავიდ ტრეზეგეს გოლებით მოიგო. თუმცა, მაშინ ანგარიში ლუზიტანელებმა და კერძოდ, კლეიტონმა გახსნა. პორტუგალიაში კი, მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

1984 წელს კი, “იუვენტუსმა” “პორტუს” თასების თასის ფინალში აჯობა შვეიცარიის ქალაქ ბაზელში. ბენიამინო ვინოლამ ანგარიში გახსნა, ანტონიო სოუზამ გაათანაბრა, ხოლო იტალიელებს ტიტულის მომტანი გოლით ზგიბნევ ბონიეკი დაეხმარა.

1984 წლის 16 მაისს, “სენ იაკობს პარკის” სტადიონზე გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

“იუვენტუსი”: ტაკონი, შირეა, ჯენტილე, კაბრინი, ბრიო, ვინოლა (კარიკოლა 89), ტარდელი, პლატინი, ბონინი, როსი, ბონიეკი

“პორტუ”: ბეტო, პერეირა, პინტო, ეურიკო, ლუისი (კოშტა 82), ვერმალნინიო, პაჩეკო, მაგალაეში (უოლში 64), ფრანკო, სოუზა, გომეში

სტატისტიკა

“იუვენტუსი”

“იუვენტუსმა” ჯგუფურ ეტაპზე სამი თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო საკუთარ მოედანზე – ზაგრების “დინამოსთან” (2:0). “სევილიასთან” (0:0) და “ლიონთან” (1:1) კი, ფრე ითამაშა.

“იუვეს” შანსი აქვს მეოთხედფინალში მეათედ გავიდეს. აქედან მესამედ ბოლო 7 წლის განმავლობაში. შარშან, “ბებერი ქალბატონი” “ბაიერნთან” დამარცხდა დამატებით დროში (2:2, 2:4 დ.დ).

2013-2014 წლების სეზონში, ევროპა ლიგის ნახევარფინალში “იუვე” “ბენფიკასთან” დამარცხდა ორი მატჩის ჯამში 1:2 (1:2, 0:0).

პორტუგალიურ გუნდებთან “იუვენტუსის” სტატისტიკა ასეთია: 12 თამაში, 6 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება. საკუთარ მოედანზე: 3 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება. აღსანიშნავია, რომ იტალიელებს ოთხივე თამაში ლისაბონის “ბენფიკასთან” აქვთ წაგებული.

“ბიანკონერის” ევროსარბიელზე სახლში 20 თამაშია არ წაუგია – 11 მოგება, 9 ფრე. ბოლოს “იუვენტუს სთედიუმზე” “ბაიერნმა” მოიგო 2:0 2013 წლის აპრილში.

ევროტურნირებზე მაშინ, როდესაც “იუვემ” პირველი თამაში გასვლაზე მოიგო, ყველა შემთხვევაში გავიდა შემდეგ ეტაპზე. ასეთი რამ კი, 36-ჯერ მოხდა. ბოლო შემთხვევა 2014 წელს, ევროპა ლიგაზე “ლიონთან” დაფიქსირდა (1:0, 2:1).

მხოლოდ ორჯერ მოხდა, რომ “იუვემ” შინ წააგო მას მერე, რაც ჯერ სტუმრად სძლია მოწინააღმდეგეს – 1989-1990 წლების სეზონში უეფას თასზე, “ჰამბურგთან” (2:0, 1:2) და 1999-2000 წლების სეზონში უეფას თასზე “ოლიმპიაკოსთან” (3:1, 1:2).

“იუვენტუსი” პენალტების სერიაში – 3 მოგება, 3 წაგება:

2002-2003 – ჩემპიონთა ლიგა, ფინალი, “მილანი”, 2:3.

1995-1996 – ჩემპიონთა ლიგა, ფინალი, “აიაქსი”, 4:2.

1986-1987 – ჩემპიონთა თასი, მეორე ეტაპი, “რეალი”, 1:3.

1985 – საკონტინტენთაშორისო თასი, ფინალი, “არხენტინოს ხუნიორსი”, 4:2.

1980-1981 – უეფას თასი, მეორე ეტაპი, “ვიძევი”, 1:4.

1977-1978 – ჩემპიონთა თასი, მეოთხედფინალი, “აიაქსი”, 3:0.

“პორტუ”

“პორტუს” შანსი აქვს ბოლო სამ სეზონში მეორედ გავიდეს მეოთხედფინალში. ორი წლის წინ, “დრაკონებმა” ამავე ეტაპზე “ბაზელს” ადვილად აჯობეს (1:1, 4:0), ხოლო მერე “ბაიერნთან” დამარცხდნენ ორი მატჩს ჯამში – 4:7.

“პორტუს” იტალიური გუნდების წინააღმდეგ მათსავე მოედანზე ასეთი სტატისტიკა აქვს: 4 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება.

მთლიანობაში კი: 29 თამაში, 8 მოგება, 9 ფრე, 12 წაგება. მათ შორის, “მილანთან” 2003 წლის ევროპის სუპერთასზე 0:1.

“პორტუმ” მიმდინარე სეზონში ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება პლეი-ოფში იტალიური “რომას” ძლევით მოიპოვა. “დრაგაუზე” 1:1 დაფიქსირდა, ხოლო რომში, სტუმრებმა ფელიპეს, მიგელ ლაიუნისა და ხესუს კორონას გოლებით 3:0 მოიგეს.

“პორტუმ” ევროტურნირებზე ერთადერთხელ შეძლო მომდევნო ეტაპზე გასვლა მაშინ, როდესაც პირველი თამაში სახლში წააგო – 2002-2003 წლების სეზონში, უეფას თასის მეოთხედფინალში “პანათინაიკოსთან” (0:1, 2:0). ხოლო, 0:2 აქამდე შინ ჯერ მხოლოდ “ნანტთან” წაეგო შორეულ 1972 წელს და სტუმრად მხოლოდ ფრეს გამორჩა – 1:1.

“პორტუ” პენალტების სერიაში – 1 მოგება, 2 წაგება:

2007-2008 – ჩემპიონთა ლიგა, მერვედფინალი, “შალკე”, 1:4.

2004 – საკონტინტენთაშორისო თასი, ფინალი, “ონსე კალდასი”, 8:7.

1994-1995 – თასების თასი, მეოთხედფინალი, “სამპდორია”, 3:5.

გზაჯვარედინი: მწვრთნელები და ფეხბურთელები

ალექს სანდრო “პორტუში” თამაშობდა 2011-2015 წლებში და ორჯერ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი.

დანი ალვეშს ესპანეთში პირველი გოლი იკერ კასილიასის კარში აქვს გატანილი – 2003 წლის 9 ნოემბერს.

2009-2010 წლების სეზონში მირალემ პიანიჩმა იკერ კასილიასს გაუტანა გოლი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში და შემდეგ ეტაპზე “ლიონი” გავიდა.

კასილიასისთვის ორი გოლი აქვს გატანილი მარიო მანჯუკიჩსაც – ერთი ესპანეთის სუპერთასზე და ერთიც ლა ლიგაში, როდესაც “ატლეტიკოს” ღირსებას იცავდა.

გარდა ამისა, ხორვატმა ნუნუ ესპირიტუს გაწვრთნილ “ვალენსიას” გაუტანა გოლი 2014 წლის 4 ოქტომბერს.

იკერ კასილიასმა “რეალის” შემადგენლობაში ბოლო ევროპული მატჩი სწორედ “იუვენტუსის” წინააღმდეგ ჩაატარა 2015 წელს. მაშინ, ორი მატჩის ჯამში იტალიელებმა იმარჯვეს (2:1, 1:1).

მაქსიმილიანო პერეირა გააძევეს ურუგვაისა და ბრაზილიის ნაკრებთა მატჩში 2010 წელს. ბრაზილიელთა რიგებში მაშინ დანი ალვეში თამაშობდა და გოლიც გაიტანა.

ერთად უთამაშიათ

იკერ კასილიასი, სამი ხედირა და გონსალო იგუაინი (“რეალში”).

იასინ ბრაჰიმი და მენჰდი ბენატია (“კლერმონში” 2009-2010).

იტალიაში უთამაშიათ

მიგელ ლაიუნი (“ატალანტა” 2009-2010).

ალექს ტელეში (“ინტერი” 2015-2016).

დანილო პერეირა (“პარმა” 2011-2012).

“იუვენტუსი” - "პორტუ"

14 მარტი, 23:45 საათი

ტურინი, "იუვენტუს სთედიუმი"

0.137195