ფეხბურთი

2:20 | 1.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ფინალს დაუახლოვდა (+VIDEO)

იტალიის თასის პირველი ნახევარფინალური წყვილი საინტერესო სანახავი გამოდგა – ტურინის “იუვენტუსმა” “ნაპოლის” კომფორტული უპირატესობით აჯობა და ნეაპოლში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებას ეცდება.

არადა, “იუვენტუს სთედიუმზე” მასპინძელთათვის შეხვედრა კარგად სულაც არ დაწყებულა. პირველმა ნახევარმა ძირითადად თანაბარ ორთაბრძოლაში გასტანა, თუმცა შეტევაში უფრო მეტი სიზუსტე სტუმრებმა გამოიჩინეს. 36-ე წუთზე ლორენცო ინსინიესა და არკადიუშ მილიკის ბრწყინვალე კომბინაცია ახლო მანძილიდან ხოსე კალეხონმა გოლით დაასრულა. მასიმილიანო ალეგრის გუნდს გათანაბრება პირველივე ტაიმში შეეძლო, მაგრამ მარიო მანჯუკიჩსა და სტეფან ლიხშტაინერს ერთ ეპიზოდში ორჯერ აუღო რთული ბურთი პეპე რეინამ – ტაიმიც “ნაპოლიმ” მოიგო.

აი, მეორე ნახევარში კი, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა – “ბებერი სინიორა” მთელი ტაიმი საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და ისიც საგულისხმოა, რომ თერთმეტივე ფეხბურთელი მოედნის ნებისმიერ წერტილში ბოლომდე იბრძოდნენ. “იუვემ” მალევე გაათანაბრა: 47-ე წუთზე პაულო დიბალა კალიდუ კულიბალიმ წააქცია თავის საჯარიმოში, პენალტი კი, არგენტინელმა გოლად აქცია. მერე გონსალო იგუაინის ჯერ დადგა – “პიპიტამ” პეპე რეინასა და მცველების შეუთანხმებელი მოქმედებით შესაშურად ისარგებლა და მახვილი კუთხიდან შეაგდო. ამ გოლიდან სამ წუთში კი, ტურინელებმა კიდევ ერთხელ მოიპოვეს პენალტის დარტყმის უფლება – ამჯერად რეინამ კუადრადრო დასცა ძირს და გოლი ისევ დიბალამ გაიტანა – 3:1.

მატჩიც ასე დასრულდა. წინ ნეაპოლური დაპირისპირებაა, რომელსაც “იუვენტუსი” გაცილებით კომფორტულ სიტუაციაში ხვდება.

ოთხშაბათს კი, მეორე ნახევარფინალური მატჩია ჩანიშნული – “სტადიო ოლიმპიკოზე” რომაული დერბი გველოდება: “ლაციო” – “რომა”.

“იუვენტუსი” – “ნაპოლი” 3:1 (0:1) VIDEO

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

მაყურებელი: 38 000

“იუვენტუსი” (3-4-3): ნეტო; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; ლიხშტაინერი (კუადრადო 46), პიანიჩი, ხედირა, ასამოა (ალექს სანდრო 73); დიბალა (პიაცა 84), იგუაინი, მანჯუკიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, სტრინიჩი; ჰამშიკი (ზიელინსკი 57), დიავარა, როგი (პავოლეტი 82); კალეხონი, მილიკი (მერტენსი 61), ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 კალეხონი (36), 1:1 დიბალა (47, პენ), 2:1 იგუაინი (64), 3:1 დიბალა (69, პენ)

გაფრთხილება: ასამოა (26), ლიხშტაინერი (40) – დიავარა (21), მილიკი (38), როგი (58), მაჯო (68), რეინა (68)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (9) – 5 (4) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 5:1

მსაჯი: პაოლო ვალერი

0.18662