საქართველოში უეფას ორგანიზებითა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით საერთაშორისო სამიტი ჩატარდება. 1-2 მარტს UEFA GROW სამიტის განხილვის თემა აღმოსავლეთ ევროპაში არსებული ვითარება, რეგიონში არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები იქნება.
უეფას დელეგაციამ, რომელიც უკვე თბილისშია, სამიტის მნიშვნელობაზე მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა და ფეხბურთის განვითარებაში მასობრიობის ზრდის როლი აღნიშნა.
“ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვიმყოფებით თბილისში UEFA Grow-ის სამიტისთვის, რომლის მიზანია აღმოსავლეთ ევროპაში ჩართულობის გაზრდა. უეფასთვის ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენი ორგანიზაცია არსებობს იმისთვის, რომ ხალხმა ითამაშოს ფეხბურთი. ჩვენ განსაკუთრებით გვსურს, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი იყოს ჩართული ფეხბურთში.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო დროს არაერთი დიდი ნაბიჯი გადადგა წინ მასობრივი ფეხბურთის განვითარების კუთხით, და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილება იყო ჩვენი ქართველი კოლეგებისთვის ამ საერთაშორისო სამიტის ჩატარების მინდობა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვისაუბრებთ ფეხბურთში ჩართულობასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან თემაზე. ჩვენ განვიხილავთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც წინ უდგას აღმოსავლეთ ევროპაში ფეხბურთის განვითარებასა და ფეხბურთში ბავშვების ჩართულობის გაზრდას. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთად გავუმკლავდებით აღნიშნულ პრობლემებს, და სამიტის ორი დღე მეტად ნაყოფიერად ჩაივლის.“ - განაცხადა UEFA GROW პროგრამის ხელმძღვანელმა ნოელ მუნიმ.
„უეფას საქმიანობა საკმაოდ მრავალ მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, დღეს უკვე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა მასობრიობის ზრდა ფეხბურთში, სწორედ ამ კუთხით, უეფა მართავს პირველ სამიტს მის ისტორიაში. ამ შემთხვევაში საქმე ეხება აღმოსავლეთ ევროპაში ფეხბურთის მასობრიობის ზრდას, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს რეგიონში და სასიხარულოა, რომ სამიტისთვის საქართველო შეირჩა, როგორც მასპინძელი ქვეყანა,” - აღნიშნა ნიკა ჯღარკავამ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა.
ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს აღმოსავლეთ ევროპის 13 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები და გენერალური მდივნები ესტუმრებიან. დედაქალაქში დაგეგმილ სამიტზე მოწვეულები არიან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სპორტისა და განათლების მინსიტრები. სამიტის მუშაობაში სპორტის საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან. 2016 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შედეგად, დარეგისტრირებულ ფეხბურთელთა რიცხვი 7000-ით გაიზარდა, რაც უეფამ ფეხბურთის მასობრიობისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა. საქართველოში განხორციელებული პროექტებისა და შედეგების გაანალიზების შემდეგ, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, სწორედ საქართველო იქნა შერჩეული სამიტის მასპინძლად.
სფფ-ის პრესსამსახური