იტალიის სერია A-ს ბინადარი “პალერმო” ლეგენდარულმა პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ დატოვა. ამის შესახებ საზოგადოებას თავად 76 წლის ბიზნესმენმა ოფიციალურად აუწყა და გარდა ამისა, თავად საფეხბურთო კლუბმაც დაადასტურა.
“პალერმოს” ვტოვებ. სიმართლე გითხრათ, საპატიო პრეზიდენტის წოდებაზე უარი განვაცხადე, რადგან არ მსურს ეს სტატუსი ვატარო”, - აღნიშნა ძამპარინიმ.
როგორც სიცილიური გუნდის ვებგვერდი გვამცნობს, “როზანეროს” ახალი ხელმძღვანელობა ინგლისელი და ამერიკელი ბიზნესმენებისგან იქნება დაკომპლექტებული, რომლებიც გუნდში დიდი მიზნებით მოდიან – “პალერმო” 3-5 წელიწადში ევროტურნირების მუდმივი ბინადარი უნდა გახდეს.
რაც შეეხება ძამპარინის – მან “პალერმო” 2002 წელს შეისყიდა, როდესაც მეორე საფეხბურთო კლუბი, “ვენეცია” გაასხვისა. მას შემდგომ სიცილიელებს ოქროს ხანა დაუდგათ: 50 წლიანი პაუზის მერე “პალერმო” სერია A-ში დაბრუნდა 2004-2005 წლების სეზონში. ხსენებული პერიოდიდან კუნძულელები მუდმივად იტალიურ ელიტაში არიან ერთი სეზონის გამოკლებით. რამდენჯერმე უეფას თასზეც ითამაშეს და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვობესთანაც იყვნენ ახლოს. გარდა ამისა, გუნდი 2011 წელს იტალიის თასის ფინალში გავიდა.
ძამპარინის პერიოდში “პალერმოში” მრავლად იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებმაც შემდეგ დიდი ფეხბურთის თამაში მოახერხეს: ლუკა ტონი, ანდრეა ბარძალი, ფაბიო გროსო, ედინსონ კავანი, ფაბრიციო მიკოლი, სალვატორე სირიგუ, ხავიერ პასტორე, ფრანკო ვასკესი, პაულო დიბალა და სხვები.
გარდა ამისა, მაურიციო ძამპარინი გამოირჩეოდა, როგორც ცვლილებების მოყვარული მმართველი: ხსენებულ 15 წელიწადში “პალერმომ” 30-მდე მთავარი მწვრთნელი გამოიცვალა.
ამჟამად "პალერმოს" რთული პერიოდი უდგას და სერია A-ში 26 ტურის შემდეგ 15 ქულით მეთვრამეტე ადგილი უკავია და ქვედა ლიგაში გავარდნის რეალური კანდიდატია.