საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ბრწყინვალედ ჩაატარა ევროპის ლიგის მე-3 ეტაპი და 5 მატჩიდან ყველა გამარჯვებით პირველი ადგილი დაიკავა. ნიკო ჩერქეზიშვილის გაწვრთნილებმა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში კვირას დასრულებული ეტაპის ბოლო მატჩი ძლიერ მეტოქესთან დაძაბულ ბრძოლაში მოიგეს.
ქართველების მეტოქე გახლდათ რუსეთის მძლავრი წარმომადგენელი, მოსკოვის „ხიმკი“, რომელიც საქართველოს მსგავსად მიმდინარე ეტაპზე დაუმარცხებელი იყო. მთლიანობაში კი, აქამდე გამართული პირველი და მეორე ეტაპის საერთო შედეგებით ცხრილში ქართველებზე მაღლა - მესამე ადგილზე იმყოფებოდა.
საქართველოს ნაკრების მიზანი 16-გუნდიანი ტურნირის საუკეთესო 4 გუნდში მოხვედრა და შესაბამისად, ოთხთა ფინალში გასვლა გახლდათ. ესტონურ ეტაპზე ხუთივე გამარჯვების მოპოვებით საქართველომ ოთხთა ფინალის საგზური მოიპოვა და ევროპის ლიგის მოსაგებად აპრილის თვეში მოსკოვში მოუწევს ასპარეზობა. სულ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ლიგის 3 ეტაპზე 15 მატჩი გამართა, საიდანაც 11 მოიგო.
„ხიმკისთან“ გამართულ მატჩში ქართველებმა დიდი ბრძოლა გადაიტანეს. ჩვენმა ნაკრებმა მოსკოვურ გუნდს დაძაბულ ბრძოლაში - 66:63 სძლია. საქართველომ პირველი პერიოდი 18:17 მოიგო, ხოლო მეორე მეოთხედში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და დიდ შესვენებაზე სოლიდური, 10-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 37:27. მოსკოველებმა მესამე ათწუთეული 21:13 მოიგეს, ჩამორჩენა შეამცირეს და ბოლო წუთებზე ქართველებს მოსაგებად მიეძალნენ, მაგრამ ჩერქეზიშვილის გუნდმა შეხვედრა ღირსეულად ჩაამთავრა. ბოლო წუთზე ანგარიში 2 ქულამდეც შემცირდა (60:62), მაგრამ დავით აფხაზავას და დავით ლომიძის ქულებმა, დაცვაში გამოჩენილ სიმტკიცესთან ერთად სასურველი შედეგი გამოიღო.
საქართველოს ნაკრებში ყველამ გამორჩეულად იბრძოლა. საუკეთესო შედეგი კი ალექსანდრე ფევაძემ დააფიქსირა, რომელმაც 24:29 წუთში 18 ქულა მიითვალა. 12 ქულა და 8 მოხსნა გიორგი კორსანტიას ანგარიშზეა, დავით ლომიძემ კი 9 ქულა მოაგროვა. სარგებლიანობის ინდექსით ფევაძის შემდეგ იყო დავით აფხაზავა, რომელმაც 11 შედეგიანი გადაცემა, 8 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.
მე-3 ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ დავით აფხაზავა დასახელდა, რომელსაც მატჩის შემდეგ სპეციალური პრიზი გადაეცა. ეტაპის სიმბოლურ ხუთულში ორგანიზატორებმა ალექსანდრე ფევაძე შეიყვანეს. ეტაპის გამარჯვებულის თასი ჩვენი ნაკრების კაპიტანმა - დავით ლომიძემ ჩაიბარა.
გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ესტონურ ეტაპზე მოპოვებულ ხუთივე გამარჯვების შედეგებს:
საქართველო - ასეკო (პოლონეთი) 91:32 (სტატისტიკა)
საქართველო - დსნ (ლატვია) 89:55 (სტატისტიკა)
საქართველო - ოლიმპი (ბელარუსი) 60:46 (სტატისტიკა)
საქართველო - ბუდაპეშტი (უნგრეთი) 66:34 (სტატისტიკა)
საქართველო - ხიმკი (რუსეთი) 66:63 (სტატისტიკა)
gbf.ge