ფეხბურთი

19:54 | 25.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

იმერული დერბი პირველი სუპერთასისთვის

საქართველოში ახალი საფეხბურთო სეზონი იწყება – მარტვილში, “მურთაზ ხურცილავას” სტადიონზე სუპერთასი გათამაშდება. ერთმანეთის პირისპირ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “სამტრედია” და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი “ტორპედო” ტიტულისთვის შეერკინებიან ერთამენთს.

ორივე გუნდისთვის მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრაა – გარდა იმისა, რომ სეზონის პირველი ოფიციალური შეხვედრაა, სხვა თუ არაფერი სასწორზე ტიტული დევს, რომლის მოპოვების შანსი ორივე კლუბს თავის ისტორიაში პირველად აქვს.

მეტიც, “სამტრედია” აღნიშნული ჯილდოსთვის პირველად ითამაშებს, ხოლო “ტორპედოს” აქამდე ერთხელ უთამაშია სუპერთასის გადამწყვეტ მატჩში – 1999 წელს თბილისის “დინამოსთან” (0:1) დამარცხდა.

ალბათ, ქუთათურებს ეს ტიტული უკვე მოპოვებული ექნებოდათ, რადგან 2000-2002 წლებში ზედიზედ სამჯერ მოიპოვეს ქვეყნის ჩემპიონის ტიტული და წესით სუპერთასთვისაც უნდა ეასპარეზათ, მაგრამ ისე მოხდა, რომ 2000-2004 წლებში საქართველოს სუპერთასი საერთოდ არ გათამაშებულა.

“სამტრედია” მოქმედი ჩემპიონია – გია ცეცაძის გუნდმა გარდამავალი ჩემპიონატი ჩინებულად ჩაატარა და ოქროს მედლების დამსახურებულად დაისაკუთრა. იმერლებმა ფინალში საჩხერის “ჩიხურას” აჯობეს ორი მატჩის ჯამში – 4:2. “ტორპედომ” კი, საქართველოს თასი მოიგო მას შემდგომ, რაც ფინალში მარტვილის “მერანს” 2:1 მოუგო.

აღნიშნული წარმატებებიდან დიდი დრო არ გასულა, თუმცა ორივე გუნდში გარკვეული ცვლილებებია. მაგალითად, “სამტრედიაში” უკვე აღარ ირჯება გასული ჩემპიონატის გამორჩეული ფიგურა ბუდუ ზივზივაძე. ასევე დატოვეს გუნდი ბაჩანა არაბულმა და ლაშა შერგელაშვილმა. “ტორპედომ” ძირითადი ბირთვის შენარჩუნება უფრო მეტად მოახერხა თუ არ ჩავთვლით გუგა ფალავანდიშვილის უცხოეთში გადაბარგებას. გარდა ამისა, ორივე გუნდში არიან ახალწვეულები და თან მრავლად.

“სამტრედიამ” და “ტორპედომ” სეზონის წინა მოსამზადებელი ეტაპი თურქეთში ჩაატარეს. კახა ჩხეტიანის გუნდმა შეკრებაზე ოთხი საკონტროლი მატჩი ჩაატარა, რომელთაგანაც 1 მოიგო, 2 ფრე ითამაშა, ხოლო ერთხელ დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქუთათურებმა ორი გოლი შეადგეს აღნიშნულ მატჩებში და ორჯერვე თავი გიორგი ქიმაძემ გამოიჩინა. მან რუსულ გუნდებს, “ტომსა” და მოსკოვის “დინამოს” გაუტანა. სწორედ “დინამოსთან” მოიგო შეკრებაზე იმერულმა გუნდმა ერთადერთი თამაში.

რაც შეეხება “სამტრედიას” – გია ცეცაძის გუნდმაც თურქეთში გაიარა მოსამზადებელი ეტაპი, სადაც ოთხჯერ ისპარინგა: “დუნავ რუსესთან”, “კარპატთან”, “ჟალგირისთან” და “ოლექსანდრიასთან” – ორ-ორი მოგება/წაგება – ასეთი შედეგით დაუბრუნდა საქართველოს მოქმედი ჩემპიონი სამშობლოს.

რაც შეეხება უშუალოდ ხვალინდელ შეხვედრას – ორივე გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება მატჩს, რომლის მთავარი მსაჯი არსენ ნონიკაშვილი იმსაჯებს, ხოლო თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია “ტვ პირველის” ეთერშია დაგეგმილი.

ურთიერთშეხვედრები

“სამტრედიასა” და “ტორპედოს” გზები აქამდე ოფიციალურ მატჩებში 45-ჯერ გადაიკვეთა. მცირე უპირატესობა ქუთაისელთა მხარესაა: 20 მოგება 17 წაგებისა და 8 ფრის წილ (ბურთების შეფარდება: 98:47). საქართველოს უმაღლესი ლიგის ეგიდით “ტორპედო” საგრძნობ უპირატესობას ფლობს: 18 მოგება, 6 ფრე, 9 წაგება, 90:32 ბურთების ბალანსი. პირველ ლიგაში კი, უკეთ “სამტრედია” ირჯებოდა: 4 მოგება, 2 წაგება – 7:6 ბურთების შეფარდება.

გარდა ამისა, “სამტრედია” და “ტორპედოს” დაპირისპირება საქართველოს თასზეც მოუწიათ რამდენჯერმე – 6 თამაში, 4 მოგება, 2 ფრე, 0 წაგება, 8:2 ბურთების ბალანსი – “სამტრედიას” სასარგებლოდ.

საქართველოს სუპერთასი

აქვე, აქამდე ჩატარებული საქართველოს სუპერთასის შესახებაც: იგი პირველად 1996 წელს გათამაშდა და თბილისის “დინამომ” ბათუმის” დინამოს” 4:0 აჯობა. საერთოდაც, დედაქალაქურ გუნდს ყველაზე მეტჯერ მოუგია აღნიშნული ტიტული – შვიდჯერ. ბოლო ორი სუპერთასი სწორედ თბილისელებმა მოიპოვეს 2014 და 2015 წლებში, როდესაც შესაბამისად, “ჩიხურასა” და “დილას” აჯობეს. საქართველოს სუპერთასი ორჯერ აქვთ მოგებული “ზესტაფონსა” (2011, 2012) და თბილისის “ამერს” (2006, 2007). ხოლო თოთოჯერ ამ ტიტულს ბათუმის “დინამო” (1998), “ვიტ ჯორჯია” (2009), “მეტალურგი” (2010) და “ჩიხურა” (2013) შეწვდნენ.

სავარაუდო შემადგენლობები:

“სამტრედია” – “ტორპედო”

მარტვილი, “მურთაზ ხურცილავა”

26 თებერვალი, 14:00 საათი

“სამტრედია” (4-2-3-1): მიგინეიშვილი; მჭედლიშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, კასრაძე; დათუნაშვილი, მანჯგალაძე; რაჟამაშვილი, სამუშია, ჯიქია; ბერიაშვილი

მწვრთნელი: გია ცეცაძე

“ტორპედო” (4-4-2): კვასხვაძე; ტაბატაძე, გურული, მამასახლისი, ქიმაძე; დოლიძე, გიგაური, ბაბუნაშვილი, ტუღუში; კაპანაძე, საბანაძე

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი

0.11468