როგორც ჩანს, ცხოვრებაში მარადიული მართლაც არაფერია - კლაუდიო რანიერი „ლესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი აღარაა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისის ჩემპიონის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. რანიერის გათავისუფლების მიზეზი ბოლო დროს „მელიების“ მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგები გახდა.
„ლესტერის“ ხელმძღვანელობას მოთმინების ფიალა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის შემდგომ აევსო, რომელშიც ინგლისური კლუბი „სევილიასთან“ (1:2) დამარცხდა.
საერთოდ კი, პრემიერლიგის შარშანდელი გამარჯვებული მიმდინარე სეზონს საშინლად ატარებს და 25 ტურის მერე 21 ქულით მეჩვიდმეტე ადგილზეა.
კლაუდიო რანიერიმ „ლესტერ სიტი“ 2015 წლის ივლისში ჩაიბარა და გუნდი შარშან მისთვის წარმოუდგენელ შედეგამდე მიიყვანა - „ლესტერმა“ პირველად მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული და მთელი საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა.
აღსანიშნავია, რომ 65 წლის იტალიელი 2016 წლის საუკეთესო მწვრთნელად სხვადასხვა ავტორიტეტული გამოცემების მიერ დასახელდა და სწორედ „ლესტერში“ მიღწეული შედეგის გამო.