ევროპა ლიგის 2016/2017 წლების სეზონის პირველი სამი 1/8 ფინალისტი გამოვლინდა. გუშინ გამართული სამი შეხვედრიდან ინტრიგა რეალურად მხოლოდ ერთში იყო, ხოლო “მანჩესტერ იუნაიტედს” და “შალკეს” პირველ მატჩში დიდი ანგარიშით ჰქონდათ მოგებული და შემდეგი ეტაპის საგზური ფაქტობრივად განაღდებული ჰქონდათ.
“ფენერბახჩეს” თორნიკე ოქრიაშვილის “კრასნოდართან” გასვლაზე 0:1 ჰქონდა წაგებული და დაცვაში განსაკუთრებით ყურადღებით თამაში მართებდა, თუმცა სმოლოვისგან მეშვიდე წუთზევე გაუშვეს და ინტრიგა ფაქტობრივად აქაც მოკვდა.
თურქებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სამი გოლის გატანა მართებდათ, მაგრამ ერთადერთი რაც მოახერხეს, ტაიმის ბოლოს სოუზას საპასუხო ბურთის გატანაა. მასპინძლებს წინ 45 წუთი ჰქონდათ, თუმცა რუსებმა დაცვაში კარგად ითამაშეს და სასურველი ანგარიში შეინარჩუნეს – 1:1.
“სენტ-ეტიენმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლა და მეორე მატჩშიც დამარცხდა. ერთადერთი ბურთი მე-17 წუთზე ჰენრიხ მხიტარიანმა შეაგდო, თუმცა სომეხი ფეხბურთელისთვის მატჩი უიღბლოდ გაგრძელდა და რვა წუთში ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუწია.
აღსანიშნავია, ბასტიან შვაინშტაიგერის თამაში, რომელიც მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა. გერმანელი მოთამაშის გამოსვლიდან ერთ წუთში “იუნაიტედს” ერიკ ბაილი გაუძევეს, თუმცა ფრანგებმა პრესტიჟის გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხეს – 2:1.
მესამე მატჩში კი, “შალკემ” პაოკი მიიღო, თავი დიდად აღარ მოუკლავს და ფრედ 1:1 ითამაშა.
სენტ-ეტიენი – მანჩესტერ იუნაიტედი 0:1 (0:1) პირველი მატჩი 0:3
გოლი: მხიტარიანი (17)
გაძევება: ბაილი (63 მ.)
ფენერბახჩე – კრასნოდარი 1:1 (1:1) პირველი მატჩი 0:1
გოლები: 0:1 სმოლოვი (7), 1:1 სოუზა (41)
შალკე – პაოკი 1:1 (1:1) პირველი მატჩი 3:0
გოლები: 1:0 შოფჰი (23), 1:1 ნასტასიჩი (25 ს.კ.)