ფეხბურთი

2:16 | 22.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

სპექტაკლი მანჩესტერში (+VIDEO)

მოლოდინი გამართლდა – “მანჩესტერ სიტისა” და “მონაკოს” დაპირისპირება ზუსტად ისეთი თვალსასეირო გამოდგა, როგორსაც გულშემატკივარი ელოდა. მეტიც, გადააჭარბა კიდეც. ის, რაც “ეტიჰად სთედიუმზე” 90 წუთის განმავლობაში ხდებოდა, ეჭვი მაქვს დიდხანს ემახსოვრება ფეხბურთის ქომაგს.

“მონაკო” მიმდინარე სეზონის ყველაზე შედეგიანი გუნდია და ტრადიციას არც ამჯერად უღალატა – თამაშშ სამი გოლი გაიტანა. საერთოდ, უნდა ვთქვათ, რომ მატჩის სრული სურათიდან გამომიდინარე ლეონარდო ჟარდიმის გუნდი ნამდვილად არ იმსახურებდა იმ სხვაობით წაგებას, როგორც საბოლოოდ დამარცხდა – 3:5. სხვა თუ არაფერი, მონეგასკებმა გაცილებით მეტი სახიფათო მომენტი შემქნეს, ვიდრე ინგლისელებმა და ამასთან, “სიტიმ” მეტოქის კარის ჩარჩოში 6-ჯერ დაარტყა და გოლი ხუთჯერ გაიტანა.

პირველად ეს მასპინძლებმა 36-ე წუთზე შეძლეს, როდესაც ლეროი სანემ ფანტასტიკურად ითამაშა და ცარიელი კარის მდგომი რაჰიმ სტერლინგი მოძებნა. “მონაკო” გაშვებულ გოლს არ დაუბნევია და პირიქით, შესვენებაზე უკვე დაწინაურებული გავიდა გასახდელში – ჯერ, რადამელ ფალკაო გაფრინდა კარის წინ და თავით გაათანაბრა, მერე კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლი შეაგდო. სხვათა შორის, 18 წლის მბაპე გახდა ქარიმ ბენზემას შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა მოახერხა. პირველი ტაიმი ჟარდიმის გუნდმა მოიგო და დამსახურებულადაც – გაცილებით კარგ შტაბეჭდილებას “მონაკო” ტოვებდა – თუმცა, საწყის ნახევარში იყო ერთი ეპიზოდი, როცა ესპანელი მსაჯი ანტონიო ლაჰოზი შეიძლება იტქვას შეცდა: სერხიო აგუერო გააფრთხილა სიმულაციისთვის, როდცა შეეძლო მეკარე შუბაშიჩის კარში პენალტი დაენიშნა და ხორვატი გაეძევებინა.

სამაგიეროდ, პირინელმა არბიტრმა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე დანიშნა პენალტი, ოღონდ მასპინძელთა კარში. თუმცა რად გინდა, ფალკაომ ვილი კაბალიეროს ვერ აჯობა და ფრანგებმა დიდებული შანსი გაუშვეს ორბურთიანი უპირატესობით წინ გასვლისა. აღსანიშნავია, რომ კოლუმბიელი მიმდინარე სეზონში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე ორიდან ორი პენალტი აქვს გაფუჭებული.

ვერ გაიტან, გაგიტანენო და მალევე სერხიო აგუერომ გაათანაბრა. მაგრამ, “კუნი” ვერაფერს გახდებოდა, რომ შუბაშიჩის ძალზე უხეში და ბავშვური შეცდომა – ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა. თითქოს, “სიტიმ” ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა, თუმცა – ასე არ გამოვიდა. ზუსტად სამ წუთში ფალკაომ შეცდომა გამოასწორა და ზრაპრული გოლი გაიტანა – სტოუნსი გააბითურა და კაბალიეროს ახლო მანძილიდან ბურთი თავზე ისე ლამაზად გადაავლო, თქვენგან მოწონებული – 2:3. დასასრული ესეც არ ყოფილა.

შეიძლება სტუმრად სამი გოლის გატანა საპლეი-ოფო სტადიაზე დიდებული შედეგია, მაგრამ... მაგრამ შეხვედრის დარჩენილი ნაწილი “ქალაქელებმა” დიდებულად ჩაატარეს და ათწუთიან ინტერვალში სამჯერ დალაშქრეს ფრანგების კარი – აგუერომ ულამაზესი დარტყმით დუბლი გაიფორმა, სტოუნსმა წინ გაიყვანა თავისიანები, ხოლო სანემ შეიძლება ითქვას, ბევრ კითხვას გასცა პასუხი საპასუხო თამაშის წინ. ისე, “მონაკოს” ყურები არ ჩამოუყრია და ერთი ბურთის გაქვითვასთან ძალიან ახლოს იყო – თუმცა, ფალკაოს ჰეთ-თრიქის შესრულებაში ხელი ისევ კაბალიერომ შეუშალა და მატჩიც დასრულდა.

მატჩი, რომლის დასრულება სულაც არ სურდა ფეხბურთის ჭეშმარიტ ქომაგს. სხვა თუ არაფერი, დამყარდა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი რაუნდების რეკორდი შედეგიანობის მხრივ...

წინ კი, საპასუხო მატჩი “ლუი II”-ზე, სადაც “მონაკო” ურთულესი ამოცანის წინაშე იქნება, თუმცა, ჟარდიმის გუნდს ფეხბურთის თამაში რომ შეუძლია დღესაც დაამტკიცა.

“მანჩესტერ სიტი” – “მონაკო” 5:3 (1:2) VIDEO

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მაყურებელი: 53 351

“მანჩესტერ სიტი” (4-1-4-1): კაბალერო; ფერნანდინიო (ზაბალეტა 62), ოტამენდი, სტოუნსი, სანია; ტურე; სანე, დე ბრუინი, სილვა, სტერლინგი (ნავასი 89); აგუერო (ფერნანდო 87)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

“მონაკო” (4-2-3-1): შუბაშიჩი; სიდიბე, გლიკი, რაჯი, მენდი; ფაბინიო, ბაკაიოკო (დირარი 88); ბერნარდო სილვა (მოუტინიო 85), ლემარი, მბაპე (ჟერმენი 79); ფალკაო

მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

გოლები: 1:0 სტერლინგი (26), 1:1 ფალკაო (32), 1:2 მბაპე (40), 2:2 აგუერო (58), 2:3 ფალკაო (61), 3:3 აგუერო (71), 4:3 სტოუნსი (77), 5:3 სანე (82)

გაფრთხილება: აგუერო (35), ფერნანდინიო (40), ოტამენდი (49), ზაბალეტა (73) – გლიკი (8), სიდიბე (25), ბაკაიოკო (55), ფალკაო (67), ბერნარდო სილვა (76), ფაბინიო (81)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (6) – 15 (6) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 3:5

მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაჰოზი (ესპანეთი)

0.277529