კალათბურთი

18:50 | 21.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"წყალტუბომ" ლიდერი დაამარცხა

საკალათბურთო "ა" ლიგის მეხუთე ტურის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი „თსუ-ჰიუნდაი“ და „წყალტუბო“ დაუპირისპირდნენ. იმერლებს ამ შეხვედრამდე ერთადერთი მოგება ჰქონდათ და ბოლოსწინა მეხუთე ადგილზე იმყოფებოდნენ. სატურნირო მდგომარეობოდან გამომდინარე, ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ.

შეხვედრა თსუ-ს სრული უპირატესობით დაიწყო. პირველი მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ანგარიშში სხვაობა 18 ქულა იყო - 21:3 სტუდენტთა სასარგებლოდ. ეტყობა თსუ-მ ნაადრევად ირწმუნა გამარჯვება, რადგან ამის შემდეგ უპირატესობას „წყალტუბო“ დაეუფლა. დარჩენილ დროში იმერლებმა ანგარიშში სხვაობა შეამცირეს.

მეორე მეოთხედიც სტუმართა უპირატესობით დაიწყო. მეორე ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ზურა ტომარაძის შეგირდებმა ანგარიშში სხვაობა 3 ქულამდე შეამცირეს 30:33, მაგრამ წინ გასვლა ვერ მოახერხეს და პირველი ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა 43:37. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მესამე მეოთხედის შემდეგ მასპინძლებმა უპირატესობა შეინარჩუნეს.

მატჩის ბედი მეოთხე დასკვნით მეოთხედში გადაწყდა. მეოთხედის დასაწყისში კარგად ითამაშა „წყალტუბოს“ უკანახაზელმა დიმიტრი დვალიშვილმა, რომლის მიერ მოპოვებული 5 ქულის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა 63:63. ამის შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ბოლო წამებზე "წყალტუბომ" შეძლო დაწინაურება 80:78, „თსუ-ჰიუნდაის“ კი ანგარიშის გასათანაბრებლად დრო აღარ ეყო.

ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი „წყალტუბოს“ ამერიკელი ლეგიონერი ტრავანტე უილიამსი იყო, რომელმაც 25 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. 12 ქულით და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი მისმა თანაგუნდელმა, ყაზახმა ლეგიონერმა დმიტრი სვირიდოვმა შეასრულა. დვალიშვილის ანგარიშზე 17 ქულაა. მასპინძელთა შორის ყველაზე კარგი შედეგი უკანახაზელმა ქრისტოფერ ანდერსონმა აჩვენა, რომელმაც 21 ქულა, 6 მოხსნა და ამდენივე პასი დააგროვა.

ამჟამად მიმდინარეობს ტურის ბოლო შეხვედრა, სადაც ერთმანეთს „ტიტები“ და „არენა-76“ ხვდებიან.

თსუ-ჰიუნდაი - წყალტუბო 78:80

(25:13, 18:24, 20:21, 15:22)

0.117767