საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26 ეროვნული ჩემპიონატის მე-18 ტურის ,,რუსთავი’’- ,,ბათუმის’’ შეხვედრა, რომელიც 22 თებერვალს იყო დაგეგმილი, აღნიშნული გუნდების ურთიერთშეთანხმების შემდეგ ორი დღით ადრე ჩატარდა. თამაშს ,,რუსთავმა უმასპინძლა.
ამჟამად ,,რუსთავი’’ მყარადაა სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე და პლეი ოფში თამაში თითქმის გარანტირებული აქვს. რაც შეეხება ,,ბათუმს“, ამ შეხვედრამდე ზღვისპირელებმა ზედიზედ ექვსი მატჩი წააგეს და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუარესეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ბათუმს’’ ამ შეხვედრის მოგება ჰაერივით სჭირდებოდა.
სტუმრებმა პირველი მეოთხედი აღმავლობით ჩაატარეს და 12 ქულის სხვაობით 25:13 დაწინაურდნენ. მეორე მეოთხედში მასპინძელთა ჯერი დადგა. ახლა ,,რუსთავი’’ გააქტიურდა. ქვემოქართლელებმა 12 ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ წინ გასვლაც კი მოახერხეს, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს მაინც მდევრის როლში დარჩნენ 41:45.
,,ბათუმმა’’ ლიდერობა მესამე მეოთხედშიც შეინარჩუნა. ყველაზე დაძაბული მეოთხე, დასკვნითი მეოთხედი გამოდგა. ,,რუსთავმა’’ ანგარიშში სხვაობა რამდენჯერმე მინიმუმადე შეამცირა, ძირითადი დროის დასრულებამდე სამნახევარი წუთით ადრე კი წინ გასვლაც მოახერხა 79:78. ძირითადი დროის დასრულებამდე 1.40 წუთით ადრე, როცა ანგარიში იყო 84:84, ,,ბათუმმა’’ შვიდქულიანი გაქცევა მოაწყო და მატჩის ბედიც აქ გადაწყდა სტუმართა სასარგებლოდ. შეხვედრის საბოლოო ანგარიშია 96:87 ,,ბათუმის’’ სასარგებლოდ, რომელმაც ზედიზედ ექვსი წაგების შემდეგ უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი 29 ქულა ,,ბათუმის’’ უკანახაზელმა ბესო ლეჟავამ დააგროვა. მასპინძელთა შორის 28 ქულით ყველაზე შედეგიანი, უკანახაზელი რეზო ჩაჩანიძე იყო.
,,რუსთავი’’-,,ბათუმი’’ 87:96 (13:25, 28:20, 23:24, 23: 27)