ცნობილი ჩეხი სპეციალისტი ზდენეკ ზემანი იტალიის სერია A-ში დაბრუნდა და ამიერიდან ბოლოადგილოსან “პესკარას” გაწვრთნის. ამის შესახებ “დელფინების” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.
მხცოვანმა სპეციალისტმა აღნიშნულ პოსტზე რამდენიმე დღის წინ დათხოვილი მასიმო ოდო შეცვალა. საერთოდ, ზემანი “პესკარაში” 2011-2012 წლებში მუშაობდა და გუნდს სერია A-ს საგზური მოაპოვებინა. სხვათა შორის, მაშინ სწორედ ზემანის თავკაცობით გამოჩნდნენ დიდ ფეხბურთში დღეს სახელმოხვეჭილი ფეხბურთელები – მარკო ვერატი, ლორენცო ინსინიე და ჩირო იმმობილე.
ზდენეკ ზემანს კი, კარიერის განმავლობაში არაერთი გუნდი გაუწვრთნია და მათ შორის, ყველაზე დიდი ხანი სწორედ იტალიაში მუშაობდა. ბოლოს კი, შვეიცარიაში “ლუგანოს” ავარჯიშებდა.