ფეხბურთი

2:59 | 16.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" მეოთხედფინალთან ერთ ნაბიჯშია (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა მადრიდის “რეალმა” მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა – “სამეფო კლუბმა” საკუთარ მოედანზე “ნაპოლი” პირწმინდად დაჯაბნა და სამი კვირის შემდგომ იტალიაში ორბურთიანი უპირატესობით ჩავა. რაც, სახუმარო ფორა ნამდვილად არაა, მითუფრო მაშინ, როდესაც საქმე “რეალთან” გვაქვს. არადა, მადრიდული გრანდისთვის იტალიური გუნდები დაბრკოლებას წარმოადგენენ – მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ “ნაპოლისთან” მატჩამდე ზიდანის გუნდს ბოლო ათი წლის განმავლობაში ლიგაზე შინ 6 მარცხი ჰქონდა განცდილი და აქედან სამი იტალიური კლუბების წინააღმდეგ. მაგრამ, სტატისტიკამ ამჯერად ვერ გაჭრა – მასპინძლებმა დაამტკიცეს, რომ ლიგის მოგების უმთავრესი კანდიდატები არიან.

თუმცა, შეხვედრა მადრიდელთათვის კარგად არ დაწყებულა – მერვე წუთზე მარეკ ჰამშიკმა გონივრული პასით ლორენცო ინსინიე მოძებნა, რომელმაც არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღო და 30 მეტრიდან ერთი შეხებით დაარტყა. მართალია, გოლი ძალიან ლამაზი გამოვიდა, მაგრამ აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ კეილორ ნავასი აშკარად შეცდა, რადგან კარი დაკარგული ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ლორენცო ინსინიე გახდა პირველი იტალიელი ფეხბურთელი 2009 წლის შემდეგ (ანდრეა პირლო), რომელმაც “სანტიაგო ბერნაბეუზე” გოლი გაიტანა. იმ წუთიდან მოყოლებული კი, “რეალმა” სათამაშო უპირატესობა ხელთ იგდო და თამაშის დასრულებამდე არ გაუშვია.

სტატუსქვო მალევე აღდგა – დანი კარვახალის ფანტასტიკური გადაცემის შემდეგ ქარიმ ბენზემამ ახლო მანძილიდან პეპე რეინას აჯობა – 1:1. ბენზემას პირველივე ნახევარში დუბლის შესრულება და თავისიანების წინ გაყვანა შეეძლო, მაგრამ რეინასთან პირისპირ დარჩენილმა ვერ ივარგა და ბურთი მხოლოდ ძელს მოარტყა. სამაგიეროდ, ესპანელებმა მეორე ტაიმი დაიწყეს ძალიან დამაჯერებლად და საწყის 9 წუთში როჯერ გაიტანეს. ჯერ, კრიშტიანუ რონალდუს ჩინებული პასის მერე ტონი კროოსმა გაიტანა მისთვის საყვარელი პოზიციიდან (სხვათა შორის, პირველი გოლი გაიტანა კროოსმა ლიგაზე “რეალის” მაისურით), ხოლო 54-ე წუთზე ბრაზილიელმა კაზემირომ უბრალოდ, ბრწყინვალე გოლი შეაგდო – საჯარიმოს გარედან ერთი შეხებით. ისეთი გოლი გამოვიდა, სანახავდ რომ ღირს და თან არაერთხელ.

დარჩენილ დროში, ზინედი ზიდანის გუნდს კიდევ შეეძლო რამდენჯერმე გატანა, მაგრამ არ გამოუვიდა. ისიც ვთქვათ, რომ მაურიციო სარის ბიჭებმაც შექმნეს ორი რეალური მომენტი, მაგრამ დრის მერტენსმა ორივე ქარს გაატანა. ხოსე კალეხონმა კი საერთოდ შეაგდო კიდეც, მაგრამ თამაშგარიდან და გოლი გაუქმდა.

მიუხედავად კომფორტული უპირატესობისა გადაჭრით იმის თქმა, რომ “რეალი’ შემდეგ ეტაპზეა, ნაადრევი იქნება. “ნაპოლი” “სან პაოლოზე” ანგარიშგასაწევია და საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ ბოლომდე უნდა იბრძოლოს.

“რეალი” – “ნაპოლი” 3:1 (1:1) VIDEO

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

მაყურებელი: 80 000

“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, რამოსი (პეპე 71), ვარანი, მარსელო; მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი; ხამესი (ვასკესი 76), ბენზემა (მორატა 81), რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ზიელინსკი (ალანი 75), დიავარა, ჰამშიკი (მილიკი 84); კალეხონი, მერტენსი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 ინსინიე (8), 1:1 ბენზემა (18), 2:1 კროოსი (49), 3:1 კაზემირო (54)

გაფრთხილება: სერხიო რამოსი (17), მოდრიჩი (52) – ზიელინსკი (38), მერტენსი (76)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (6) – 6 (2) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 5:1 თამაშგარე: 7:1

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

0.329516