უნგრეთის ქალაქ დებრეცენში დასრულდა „ა“ კლასის საერთაშორისო ტურნირი კრივში, სადაც საქართველოს მოკრივეთა ეროვნულმა ნაკრებმა სამი მედლის მოპოვება შეძლო.
საქართველოს კრივის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, წლის პირველი საერთაშორისო შეჯიბრებიდან ვერცხლის მედლით დაბრუნდა, 69კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ესკერხან მადიევი. თბილისელ მოკრივეს ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვება დააკლდა და მეორე ადგილს დასჯერდა.
ტურნირი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს: 49კგ წონით კატეგორიაში მონაწილე თბილისელმა ნოდარ დარბაიძემ და 56 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ახალქალაქელმა არტიუშ გომციანმა.
უნგრეთში გამართულ ტურნირზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში შალვა დუნდუას დებიუტი შედგა. გასული წლის ბოლოს არჩეულ, ახალგაზრდა სპეციალისტს დებრეცენის “ა” კლასის საერთაშორისო პირველობაზე, გამოცდილი ბეჟან ჭიჭინაძეც ეხმარებოდა, რომელიც ამავდროულად ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელიც გახლავთ.
დებრეცენის საერთაშორისო ტურნირი 1956 წლიდან ტარდება და უკვე დიდი ხანია, ევროპის ერთ-ერთ უპრესტიჟულეს შეჯიბრებად ითვლება.