საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმმა თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელები დაამტკიცა.
თავისუფალ ჭიდაობაში ეროვნულ ნაკრებს გიორგი იანტბელიძე უხელმძღვანელებს. 23-წლამდელებს ზურაბ ჭიღლაძე გაწვრთნის, ახალგაზრდულ ნაკრებს - ემზარ ბედინეიშვილი, ხოლო ჭაბუკებს - გია კვინიკაძე.
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში არ დადასტურდა ქომაგთა მოლოდინი, ახალგაზრდული ნაკრების თავკაცის – ზაზა სილაგაძის ეროვნულში გადაყვანის შესახებ. ეს ადგილი ფედერაციამ ბექა როყვას ანდო. სილაგაძე კვლავ ახალგაზრდებს გაწვრთნის. 23-წლამდელების დამრიგებელი ოთარ ტატიშვილი იქნება, ჭაბუკები კი ხვიჩა ქორიძეს ჩააბარეს.
ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ახალი დამრიგებლები თავიანთ სამწვრთნელო შტაბებს უახლოეს მომავალში დაასახელებენ.