ტურინის “იუვენტუსი” არგენტინელ ფეხბურთელ პაულო დიბალას უახლოეს მომავალში ახალ კონტრაქტს გაუფორმებს. ამის შესახებ “იუვეს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ იტალიელ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“იუვეს” ტიფოზებს შიშის საფუძველი არ აქვთ – დიბალასთან ყველაფერი შეთანხმებულია და ხელშეკრულებას ხელი მიმდინარე თვის ბოლოს მოეწერება.
ალეგრი? – მასთან პრობლემები არ გვაქვს და მასიმილიანო მომავალ სეზონშიც ჩვენთან იმუშავებს”, - დასძინა მაროტამ.
გავრცელებული ინფორმაციით, პაულო დიბალა “იუვენტუსთან” კონტრაქტს 2021 წლამდე გაახანგრძლივებს. 22 წლის სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი “ბებერ ქალბატონში” 2015 წელს “პალერმოდან” 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.